The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როზა თავდიდიშვილი

როზა თავდიდიშვილი
დაბადების თარიღი:1886
გარდაცვ. თარიღი:1967  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ეთნოლოგი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

 როზა თავდიდიშვილი დაუღალავად ქადაგებდა განათლების აუცილებლობას, საზოგადოებრივ აქტიურობას, ახალგაზრდების ჩართვას საზოგადო საქმიანობაში, ქალების გამოყვანას ოჯახური ჩაკეტილობიდან. შემდგომში ცნობილმა ებრაელმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ მიხეილ ხანანაშვილმა მას "განმანათლებელი სიდონია" უწოდა. პირად საუბრებში, შეხვედრებზე თუ პრესის მეშვეობით იგი დაუღალავად იმას ქადაგებდა, რომ მოზარდებს სკოლაში ესწავლათ, ახალგაზრდებს ხელი აეღოთ მეწვრილმანეობა-მეჩარჩეობაზე, წასულიყვნენ ფაბრიკა-ქარხნებში, დაწაფებოდნენ კულტურას, ცოდნას, დაკავშირებოდნენ ბიბლიოთეკებს, ხოლო ქალებს მოუწოდებდა ოჯახურ ყოველდღიურობაში არ ჩაძირულიყვნენ და საერთო-საქვეყნო საქმიანობაში ჩართულიყვნენ. როზა თავდიდიშვილის აქტიური მონაწილეობით "ღარიბკომმა" საამქროები გახსნა და იქ სამუშაოდ მიიზიდა როგორც ებრაელები, ისე ქართველები. 1926-1928 წლებში როზა თავდიდიშვილი იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი და აღმასკომის წევრი, მონაწილეობდა ქალთა სადელეგაციო კლუბის მუშაობაში, ხელმძღვანელობდა ებრაელთა უბნის ქალთა სადელეგატო პუნქტს, ასწავლიდა წერა-კითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციო სკოლაში. ყველაფერ ამასთან ერთად როზა თავდიდიშვილმა მოახერხა სამი წლის ენერგიული შრომით წიგნიც დაეწერა ქუთაისურ ებრაულ-ქართულ ტრადიციათა შესახებ – ეთნოგ­რა­ფი­უ­ლი ნარ­კ­ვე­ვი ქუ­თა­ი­სელ ებ­რა­ელ­თა ძვე­ლი ყო­ფა-ცხოვ­რე­ბი­დან. ქართველი ებრაელობა არასდროს ყოფილა ასეთი შესწავლისა და კვლევა-ძიების ობიექტი. მან სრულიად უანგაროდ, თავისი გამოცდილების და ცოდნის ფარგლებში შეძლო შეეკრიბა ქუთაისელ ებრაელთა ყოფა-ცხოვრების დამახასიათებელი მასალები. მართალია, იგი არ ყოფილა კვალიფიციური ეთნოგრაფი, მაგრამ იყო ენთუზიასტი მხარეთმცოდნე. წიგნის რედაქტორი, ცნობილი ქართველი მეცნიერი სერგი მაკალათია წერდა: "ამ შრომაში მოთავსებული ეთნოგრაფიული მასალა ავსებს იმ ხარვეზს, რომელიც ჩვენ გვაქვს ქართველ ებრაელთა წარსულის შესწავლის საქმეში. ასევე, როზა თავდიდიშვილის ნარკვევში მოთავსებული ეთნოგრაფიული მასალა აშკარად გვიჩვენებს, თუ როგორი საყოფაცხოვრებო ურთიერთობა უნდა არსებულიყო წარსულში ებრაელთა და ქართველთა შორის. ებრაულ ქორწილსა, მშობიარობის, ტირილის და სხვა წესებში არსებითი მსგავსებაა ქართულთან (მახარობელი, თეფშის გატეხა, ფეხის დაჭერა და სხვ.). ყველაფერი ეს აშკარად მოწმობს იმ მჭიდრო და ხანგრძლივ კულტურულ-სოციალურ კავშირს, რომელიც არსებობდა ქართველ ისრაელთა და ქართველ ქრისტიანებს შორის."  როზა თავდიდიშვილი წერდა: "მე, როგორც ქართველი ებრაელის ოჯახიდან გამოსულ მშრომელ ქალს, პატარაობიდანვე დიდი სურვილი მქონდა შემესწავლა ქუთაისელ ქართველ ებრაელთა ყოფა-ცხოვრება, მაგრამ როგორც არასპეციალისტი – ეთნოგრაფი, ვერ ვბედავდი ასეთი მუშაობისათვის ხელი მომეკიდა; მხოლოდ ვცდილობდი, მუდამ მათში მეტრიალა და გავცნობოდი ქუთაისელ ქართველ ისრაელთა ყოფა-ცხოვრების ყოველგვარ წვრილმანს და გამეზიარა მათი ჭირ-ვარამი. დიდი წვლილი მიუძღვის როზა თავდიდიშვილს პირველი ქართულენოვანი ებრაული გაზეთის – "ხმა ებრაელისა" გამოცემაშიც, რომელიც გამოვიდა 1918 წელს ქუთაისში. მას გამოქვეყნებული აქვს მოთხრობები: "ორი ძმა", "თავსატეხი", "გასართობი", "საბავშვო მოთხრობები", "ანდაზები", "რებუსები."  22 თხელი თორმეტფურცლიანი რვეული, რომელშიც სულ ხელით ნაწერი ზღაპრებია, როზა თავდიდიშვილს ეკუთვნის. საინტერესოა, რომ ამ ზღაპრებში ებრაულ ენას ვხვდებით, რომელზეც მაშინ ქართველი-ებრალები ლაპარაკობდნენ. ლიტერატურის  მუზეუმს ეს რვეულები 1967 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ გადასცეს. ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე ამბობდა, რომ ეს ზღაპრები საუკეთესოდ გამოხატავს ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობას. "ამ ზღაპრების ანალიზი ძალიან საინტერესო იქნება, აუცილებლად უნდა გამოიცეს წიგნად. ერთი მხრივ, ეს ზღაპრები გაგვაცნობს ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს და მეორე მხრივ, ძალიან საინტერესოა გავიგოთ, რა საერთოა ქართველი-ებრაელებისა და სხვა ქვეყნის ებრაელების ზღაპრებს შორის. ვხვდებით საერთო მახასიათებლებს აღმოსავლეთისა და ევროპის ებრაულ ზღაპრებში? თუ ეს თავისთავადი, დამოუკიდებელი ქართულ-ებრაული ზღაპრებია, რომლებიც საქართველოში შეიქმნა? როგორც ვიცით, იმ პერიოდში, ქართველ ებრაელებს სხვა ქვეყნის ებრაულ თემთან ინტენსიური კავშირი არ ჰქონდათ". ეს ზღაპრები როზა თავდიდიშვილმა 1937-1938 წლებში დაწერა, საბჭოთა იდეოლოგიის პერიოდში. "ამ დროს ისრაელი, როგორც სახელმწიფო, არ იყო შექმნილი და არც თანამედროვე ებრაული ენა არსებობდა. ეს ფაქტები დამატებით მნიშვნელობას სძენს ამ ზღაპრებს, ძალიან კარგი იქნება, თუ ქართველი დ ებრაელი ბავშვები ამ ზღაპრებს წაიკითხავენ, რადგან წარსული, რომელიც დაიკარგა, მათთვის უცებ გაცოცხლდება."

წყარო: საქართველოს მუზეუმი: jewishcollections.museum (გვ.1); დავიწყებული ისტორიები : კათოლიკური და ებრაელი თემები ქუთაისში : კრებული / ავტორები დათა დოლაბერიძე, ანა თორია, მაია კაშია, მარიამ ფანჩულიძე, დათო ქათამაძე და სხვ.-თბ.,2019.-გვ.8; Chai Khana მულტიმედია პლატფორმა: chaikhana.media

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: