The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ კიკნაძე

თამაზ კიკნაძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1936
გარდაცვ. თარიღი:27 აგვისტო, 1991  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგის სპეციალობით 1959 წელს. 

1960 წელს მუშაობა დაიწყო "საქსახწყალპროექტში" ინჟინერ-გეოლოგად; 1960 წელს გადაიყვანეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში სპელეოლოგიური საბჭოს სწავლულ მდივნად; 1964-1966წწ. ბიოლოგიის განყოფილების სწავლული მდივანია; 1966-1982წწ. იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის თანაშემწე; 1977-1982წწ. შეთავებით მუშაობდა ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1982 წლიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი იყო. მის სადოქტორო ნაშრომში აისახა მრავალი წლის შრომის მეცნიერული შედეგები. მისი მეცნიერული ინსტერესის სფერო იყო კარსტი და სპელეოგენეზის პრობლემები თეორიულ და გამოყენებით ასპექტებში. შეისწავლა ბუნებრივი ფაქტორების გავლენა კარსტული პროცესების დინამიკაზე, მათ ევოლუციაზე დროსა და სივრცეში. დაადგინა მთიანი ქვეყნების კარსტისა და კარსტული წყლების ფორმირების ძირითადი კანონზომიერებანი, რის საფუძველზე შექმნა ახალი მეცნიერული მიმართულება - მოძღვრება მთის კარსტის მიწისქვეშა წყლებზე. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით აღმოჩენილია მსოფლიოს უღრმესი კარსტული წყალშემცველი სისტემა გაგრის ქედზე. გამოქვეყნებული აქვს 75-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ინგლისში, საფრანგეთში, იუგოსლავიაში, ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, იტალიასა და ესპანეთში. იყო მრავალი საერთაშორისო კონგრესისა და კონფერენციის მონაწილე. 1964 წელს ხელმძღვანელობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კარსტოლოგთა ედა სპელეოლოგთა პირველ დელეგაციას ჩეხოსლოვაკიაში, ხოლო 1969 წელს საფრანგეთში. 1983 და 1985 წლებში ხელმძღვანელობდა სსრკ ექსპედიციას ეთიოპიაში აფრიკის უდიდესი მღვიმის სოფ ომარის შესასწავლად. იყო საკავშირო თათბირის ორგკომიტეტის თავმჯდომარე (1978), - "კარსტული მღვიმეების გამოკვლევა მათი საექსკურსიო ობიექტებად გამოყენების თვალსაზრისით". ასევე საერთაშორისო სიმპოზიუმის - "მთიანი ქვეყნების კარსტის კომპლექსური შესწავლა" (1987). იყო საქართველოს სპელეოლოგიის საზოგადოების საბჭოს პერიოდული კრებულის "საქართველოს მღვიმეების და გამოქვაბულების" რედკოლეგიის თავმჯდომარე, მრავალი სამეცნიერო საბჭოსა და სამთავრობო კომისიის წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ჩეხოსლოვაკიის სპელეოლოგიური საზოგადოების ცენტრალური კომიტეტის ოქროს მედალი (1987). გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არაბიკის კირქვული მასივის კარსტი", დაიცვა 1971 წელს (ქ. პერმის უნივერსიტეტი); სადოქტორო დისერტაციის თემა - "მთიანი ქვეყნების კარსტის ჰიდროლოგია", დაიცვა 1986 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.69; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.153-154

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სპელეოლოგიის საზოგადოება, პრეზიდენტი (1989-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება, გარდაცვალების შემდეგ)
    დამხმარე სახელმძღვანელო - "საქართველოს სასწავლო-გეოგრაფიული ატლასი" (გამოცემულია თბილისში 1992 წელს).

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: