The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კირიონ II (კათოლიკოს-პატრიარქი)

კირიონ II
ოფიციალური სახელი:გიორგი საძაგლიშვილი
დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1855
გარდაცვ. თარიღი:10 ივლისი, 1918  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სიონის ტაძარი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, სასულიერო პირი, წმინდანი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ნიქოზი, გორის რაიონი.

სწავლობდა ანანურის მონასტერთან არსებულ სკოლაში, ხოლო 1862 წელს ჩაირიცხა გორის სასულიერო სასწავლებელში. შემდეგ დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია 1876 წელს და უმაღლესი სასულიერო განათლების მისაღებად გაემგზავრა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც ღვთის მეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა 1880 წელს.

იმავე წელს დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორის თანაშემწედ. 1883 წელს დაბრუნდა საქართველოში და 1885 წლამდე მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1885-1890წწ. გორის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორის თანაშემწეა. 1891 წელს მოღვაწეობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1891-1896წწ. თბილისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგია. მისი ღვაწლით საქართველოს მთიანეთში გაიხსნა 19 სამრევლო სკოლა. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში. იყო მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წევრი. 1896 წელს ეპიდემიამ იმსხვერპლა მისი ცოლ-შვილი. მან მიიღო გადაწყვეტილება, ბერად აღკვეცილიყო. ბერობის სახელად შეურჩიეს კირიონი და გაგზავნეს ქვათახევის მონასტერში. იმავე წელს აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალური მოძრაობის დაწყება, რაც გახდა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებისგან მისი დევნა-შევიწროების მიზეზი. მას ხშირად უცვლიდნენ ეპარქიებს: გორში, კამენეც-პოდოლსკში, ხერსონესში, ორიოლში... 1905 წელს ქართველმა სამღვდელოებამ კატეგორიულად მოითხოვა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. 1906 წლის იანვარში პეტერბურგში საქართველოს ეკლესიის საკითხზე იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ბრძანებულებით მოწვეულ იქნა რუსეთის ეკლესიის სინოდის წინარე სხდომა. სხდომაზე დასასწრებად გაიწვიეს ეპისკოპოსები: კირიონი, ლეონიდე, ექვთიმე (ელიაშვილი). 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი (სოფისკი). რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებამ ნიკონის მკვლელობა ქართველ ავტოკეფალისტებს დააბრალა. 1908 წელს ეპისკოპოს კირიონს ჩამოართვეს ეპარქია, ეპისკოპოსის ხარისხი და პოლიციის მკაცრი მეთვალყურეობა დაუწესეს ტამბოვის გუბერნიის სანაქსარის უდაბნოში. 1910-1915წწ. მან ხერსონის მონასტერში გაატარა. 1915 წელს კირიონს აღუდგინეს ეპარქიის მართვის უფლება, ჩააბარეს პოლოცკისა და ვიტებსკის ეპარქია, დააჯილდოეს წმიდა ანას პირველი ხარისხის ორდენით, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს. ეპისკოპოსი კირიონი იყო ცნობილი მეცნიერი, რომელიც საფუძვლიანად იკვლევდა საქართველოს ისტორიას, საქართველოს ეკლესიის, ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების, რუსული სამონასტრო ცენტრების ისტორიას, ქართველ მეფეთა და წმინდანთა ცხოვრების, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხებს. კირიონის ღვაწლით, 1907 წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემიასთან დაარსდა საქართველოს ეკლესიის ისტორიის კათედრა. ეპისკოპოსი კირიონი იყო უდიდესი ქველმოქმედი და განათლებას მოწყურებული, ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდობის თანამდგომი. მისი მატერიალური ხელშეწყობით 300-ზე მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება რუსეთსა და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა. საქართველოში დარჩენილმა კირიონის თანამოაზრე ავტოკეფალისტებმა 12(25) მარტს მცხეთაში მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ და შექმნეს დროებითი მმართველობა გურია-ოდიშის ეპისკოპოს ლეონიდეს თავმჯდომარეობით. ეპისკოპოსი კირიონი ჯერ ისევ რუსეთში იმყოფებოდა. ქართველ მორწმუნეთა ჯგუფმა დელეგაცია გაგზავნა მასთან, რათა დაბრუნებულიყო საქართველოში. 1917 წლის 17 სექტემბერს, I საეკლესიო კრებაზე, რომელსაც 441 დელეგატი ესწრებოდა, 231 დელეგატმა ხმა მისცა ეპისკოპოს კირიონის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის წინადადებას და იგი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. საქართველოს დემოკრატიული ხელიუფლებისადმი პატრიარქის დამოკიდებულება გამოირჩეოდა ზომიერებით, რაც ძირითადად იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ ამ მოკლე პერიოდში, როდესაც კირიონს პატრიარქობა მოუწია, ცენტრალურ ხელიუფლებას რაიმე განსაკუთრებული ქმედება რელიგიის მიმართულებით არ განუხორციელებია. 1918 წლის 27 ივლისს უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II მიგზავნილმა მკვლელმა სიცოცხლეს გამოასალმა მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში. დაკრძალეს 7 ივლისს სიონის საპატრიარქო ტაძარში. 2002 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა კათოლიკოს-პატრიარქი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დააწესა 9 ივლისი (ძვ. სტ. 26 ივნისი).

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.226-227

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: