The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტიტე მარგველაშვილი

ტიტე მარგველაშვილი
დაბადების თარიღი:1891
გარდაცვ. თარიღი:17 ოქტომბერი, 1946  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

უმაღლესი განათლება გერმანიაში ჰქონდა მიღებული. 1913 წელს ჰალეს უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია ისტორიის დარგში, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა და გიმნაზიის მასწავლებლობას შეუდგა ქუთაისში.

პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ პრესაში. ხელი მოაწერა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გადაიხვეწა გერმანიაში. ხელმძღვანელობდა ქართულ სათვისტომოს და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქართველ ემიგრანტებს შორის. კითხულობდა ლექციებს ბერლინის უნივერსტეტში ფილოსოფიისა და აღმოსავლეთმცოდნეობის განხრით. მისი მეუღლე იყო ასევე ქართველი ემიგრანტი, გვარად ხეჩინაშვილი. მან ვერ გაუძლო სამშობლოს მოშორებით გამოწვეულ ნაღველს და 1931 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დარჩა მცირეწლოვანი ქალ-ვაჟი, უმცროსი ცნობილი გერმანულენოვანი ქართველი მწერალი - გივი მარგველაშვილი. ემიგრაციაში მყოფი ტიტე მარგველაშვილი აქვეყნებდა ფილოსოფიური, ფილოლოგიური და ისტორიული ხასიათის წერილებს სხვადასხვა ემიგრანტულ გამოცემაში, გაზეთებში: "დამოუკიდებელი საქართველო"(პარიზი, 1926-1938), "საქართველოს გუშაგი" (პარიზი, 1932-1936), ჟურნალში - "ახალი ივერია". მის კალამს ეკუთვნის ინგლისურ ენაზე დაწერილი, ჟურნალ "გეორგიკაში" გამოქვეყნებული სტატია "გილგამეშისა" და "ვეფხისტყაოსნის" ეპოსის ტიპოლოგიურ მსგავსებაზე. 1932 წელს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში მომხდარი გახეთქილების შემდეგ მიემხრო ს. კედიას ჯგუფს. ომის დამთავრების და ქალაქის ორად გაყოფის შემდეგ მარგველაშვილის საცხოვრებელი ბინა ბერლინის დასავლეთ ნაწილში, ბრიტანულ სექტორში აღმოჩნდა, რაც ტიტე მარგველაშვილს უძლიერებდა იმედს, რომ კომუნისტები მათ ოჯახს ვერ შეეხებოდნენ. თუმცა ეს იმედი არ გამართლდა. 1946 წელს იგი 18 წლის ვაჟთან ერთად მიიწვიეს სამშობლოდან ჩამოსული ქართველების გასაცნობად, შეხვედრისას დააპატიმრეს და ბერლინის აღმოსავლეთ ნაწილში გადაიყვანეს. 8 თვის ტყვეობის შემდეგ საბჭოთა კავშირში ჩამოიყვანეს. სანამ დახვრეტდნენ, ცნობილ მეცნიერს სუკის სარდაფებში აწამებდნენ. 1946 წლის 17 ოქტომბერს ტიტე მარგველაშვილი დახვრიტეს, მისმა ვაჟმა კი წელიწადნახევარი საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკში გაატარა, რის შემდეგაც ის საქართველოში ჩამოვიდა. ეროვნულ-დემოკრატი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.255


გააზიარე: