The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო მარი

ნიკო მარი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ მარი
დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1864
გარდაცვ. თარიღი:20 დეკემბერი, 1934  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ალექსანდრე ნეველის ლავრა, სანქტ-პეტერბურგი
კატეგორია:არქეოლოგი, ენათმეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების აგდილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი 1890 წელს.

1891 წლიდან იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ–დოცენტი; 1894-1896წწ. მუშაობდა სტრასბურგის უნივერსიტეტის, ვატიკანისა და რომის ბიბლიოთეკებში; ქართულ ხელნაწერთა შესასწავლად 1898 წელს გაემგზავრა ნ. კონდაკოვის ექსპედიციაში ათონის მთაზე; 1902 წელს - სინის მთაზე ივანე ჯავახიშვილთან ერთად; 1913 წლიდან იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის დეკანი; 1924-1930წწ. - ლენინგრადის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი; 1930 წლიდან - სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. იგი იკვლევდა სომხურ ენას, ქართულს და მის ნათესაობას სხვა ენებთან. წამოაყენა ჰიპოთეზა (1888-1916), რომ ქართული ენათესავება სემიტურ ენებს და ქართველურ ენებს იაფეტური ენები უწოდა (ბიბლიური ნოეს შვილის - იაფეტის სახელიდან). სემიტური და იაფეტური ენები ერთი (ნოეტური) ოჯახის ორ შტოდ გამოაცხადა. მთის კავკასიურ ენათა შესწავლის შედეგად მან იაფეტური ენების წრეში შეიტანა აფხაზურ-ადიღეური, ჩაჩნური და დაღესტნური ენებიც (1916-1920) და იაფეტური დამოუკიდებელ ენათა ოჯახად მიიჩნია. შემდგომში იაფეტურ ენათა ოჯახს მიაკუთვნა ბასკური, აგრეთვე წინა აზიისა და ხმელთაშუა ზღვის მკვდარი ენები: პელაზგური, ეტრუსკული (1920-1923). ნაშრომში "იაფეტური კავკასია და მესამე ეთნიკური ელემენტი ხმელთაშუა ზღვის კულტურის შექმნაში" (1920) მან იაფეტური ეთნიკური ელემენტი ქრონოლოგიურად უფრო ძველად ცნო, ვიდრე სემიტური და ინდოევროპული - იაფეტიდები ხმელთაშუა ზღვის აუზის უძველეს მოსახლეობას წარმოადგენდნენო, ამიტომ სემიტურთან ნათესაობის საკითხი მოიხსნა. აღიარეუბლ იქნა იაფეტურ ენათა შეჯვარება ჯერ სემიტურ, ხოლო უფრო გვიან ინდოევროპულ ენებთან. მომდევნო პერიოდში მარი მივიდა იმ დასკვნამდე, თითქოს იაფეტიზმები დასტურდება მსოფლიოს ყველა ენაში. მან იაფეტური ენები გამოაცხადა მეტყველების უძველეს საფეხურად (სტადიად), ხოლო - ენათა ოჯახის ცნება უარყო. 1923 წლიდან (ნაშრომი "ხმელთაშუა ზღვის ინდოევროპული ენები") მან გაწყვიტა კავშირი ადრინდელ ენათმეცნიერებასთან, რომელიც ბურჟუაზიულ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ მეცნიერებად გამოაცხადა; უარყო მისი პრნციპები, როგორც მიუღებელი მარქსისტული მეცნიერებისათვის და შექმნა "ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება", რომელსაც, როგორც მარქსისტულ თეორიას, ძალით ახვევდა თავს საბჭოთა ენათმეცნიერებას. ამ თეორიაში ენა მიჩნეულია ზედნაშენად და კლასობრივ მოვლენად. ის თვლიდა, რომ ბგერითი ენა იმთავითვე კლასობრივი იყო, არაკლასობრივი ენა არასოდეს არსებულაო. მან უარყო ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მონათესავე ენათა ოჯახების არსებობა და წამოაყენა სტადიალური განვითარების პრინციპი. ამ პრინციპის თანახმად ენები ერთმანეთისაგან განსხვავდება არა წარმოშობის, არამედ განვითარების სტადიების მიხედვით, ხოლო თვით სტადიების რაოდენობა მას არ გაურკვევია. 1950 წელს საენათმეცნიერო დისკუსიამ ნათელყო, რომ ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება არ არის მარქსისტული თეორია და რომ ამ თეორიის ძირითადი დებულებები მეცნიერულად გაუმართლებელია. ნიკო მარს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული და სომხური ფილოლოგიის განვითარებაში. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველურ ენათა შესწავლის საქმეში (განსაკუთრებით ახალი საენათმეცნიერო მოძღვრების შექმნამდე); გამოაქვეყნა (რუსულ ენაზე) "ძველი ქართული ენის გრამატიკის ძირითადი ტაბულები" (1908), "ჭანურის გრამატიკა" (1910), "ძველი ქართული სალიტერატურო ენა" (1925), "ქართული ენა" (ფრანგულად, მ. ბრიერთან ერთად, 1931), რიგი საყურადღებო წერილებისა სვანური ენის შესახებ; მოგვცა მრავალი ანგარიშგასაწევი ეტიმოლოგია ქართველურ ენათა მასალაზე. მთის კავკასიური ენებიდან მან ყველაზე დიდი ყურადღება დაუთმო აფხაზურს და რამდენიმე გამოკვლევა უძღვნა. თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს მის წერილებს სომხურის, როგორც ნარევი ენის, შესახებ (1911-1919). მან 1921 წელს პეტროგრადში დააარსა "იაფეტიდოლოგიური (1922 წლიდან - "იაფეტური") ინსტიტუტი", რომელიც 1933 წელს შეცვალა "ენისა და აზროვნების ინსტიტუტმა". მისი ინიციატივით შეიქმნა შემდეგი სამეცნიერო სერიები: «Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии», 1900-1913; «Материалы по яфетическому языкознанию», «Яфетический сборник», 1922-1932; «Язык и мышление», 1933-1949; «Христианский Восток», «Bibliotheca Armeno-Georgica”, “Monumenta hagiographica Georgica” და სხვ. ნიკო მარმა დიდი ამაგი დასდო ქართულ სასულიერო და საერო მწერლობისა და კულტურის საკითხების შესწავლას ფუნდამენტური მონოგრაფიული გამოკვლევებით. მან ძველი ხელნაწერების მიხედვით, სათანადო მეცნიერული კომენტარებით, ლექსიკონითა და რუსული თარგმანითურთ გამოსცა "პეტრე იბერის ცხოვრება" (1896), იპოლიტე რომაელის "თარგმანებია ქება-ქებათაი" (1901), ბასილი კესარიელის "ფიზიოლოგი" (1904), ანტიოქე სტრატიგის "იერუსალიმის წარტყვევნის" არაბული ტექსტის ქართული თარგმანი (1909); განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გიორგი მერჩულეს "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" (1911); იოანე პეტრიწისადმი მიძღვნილი გამოკვლევებით (ЗВО, ტ. XIX, 1909) მან საფუძველი ჩუყარა ქართული საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზრის განვითარების ისტორიის შესწავლას; ბრწყინვალე გამოკვლევები უძღვნა ქართული კლასიკური საერო მწერლობის ძეგლებს: პირველმა გამოსცა გამოკვლევითა და კომენტარებითურთ "აბდულმესიანი" და "თამარიანი" ("ძველი ქართველი მეხოტბენი", რუსულ ენაზე, 1902). გააშუქა "ამირანდარეჯანიანთან", "ვისრამიანთან", "შაჰნამესთან", "რუსუდანიანთან" დაკავშირებული ქართულ-სპარსული და ქართულ-არაბული ლიტერატურების ურთიერთობათა საკითხები. მან საფუძველი ჩაუყარა რუსთველოლოგიას, როგორც სამეცნიერო დისციპლინას, განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ვეფხისტყაოსნის ტექსტის საკითხების, რუსთაველის იდეოლოგიისა და მისი ეპოქის შესწავლას, გამოსცა პოემის პროლოგისა და ეპილოგის ტექსტები ("შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" შესავალი და დასკვნითი სტროფები", რუსულ ენაზე, 1910) სათანადო გამოკვლევით და რუსული თარგმანითურთ; მნიშვნელოვანია მისი ნაშრომი რუსთაველის ეპოქისა და კულტურული გარემოს შესახებ "ვეფხისტყაოსანი და ახალი კულტურულ-ისტორიული პრობლემა" (1917). დიდია მისი დამსახურება საქართველოს ისტორიის მეცნიერულ შესწავლაშიც. ფეოდალური ხანის ცალკეულ გაურკვეველ პრობლემათა გაშუქების გარდა (ტაო-კლარჯეთის ისტორიული საკითხები, ანისში აღმოჩენილი ეტიფანე ქართლის კათალიკოსის წარწერის ანალიზი და სხვ.), მას ეკუთვნის "საქართველოს ისტორია" (პეტერბურგი, 1906) რუსულ ენაზე, რომელშიც გადმოცემულია ქართველი ხალხის ისტორია ძვ. წელთაღრიცხვის II ათასწლეულის დასასრულიდან; განხილულია ქართული კულტურის ისტორიის საკითხები (დამწერლობის, ქრისტიანობის წარმოშობა, ლიტერატურის ისტორია და სხვ.); ყურადღება ექცევა ქართველი ხალხის ეთნოგენეზის პრობლემასაც. საქართველო-კავკასიის უძველესი ხანის ისტორია ერთ მთლიანობაშია გადაწყვეტილი (ქართველურ-კავკასიურ ტომთა მცირე აზიიდან მიგრაციის, ქართველურ-ურარტუელ ტომთა ნათესაობის, ქართულ-ბასკური პარალელების საკითხები და სხვ.). მის მეცნიერულ მოღვაწეობაში გარკვეული ადგილი უჭირავს არქეოლოგიასაც. მის მიერ ჩტარებულ გათხრებს ანისში (1892 წლიდან) დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შუა საუკუნეების სომხური ქალაქებისა და კულტურის ისტორიის შესწავლისათვის. 1893 წელს დაიწყო ვორნაკის სამაროვანის გათხრა. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო გათხრები ვანის ტბის (თურქეთი) სამხრეთ სანაპიროზე 1916 წელს. აქ მან გაშიფრა ი. ორბელის მიერ აღმოჩენილი ურარტუს მეფის სარდურ II-ის (760-730) ცნობილი სოლისებრი წარწერა, რომლის ერთ-ერთ მუხლში მოხსენიებული იყო კულხას (კოლხას) ქვეყანა. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.6.-თბ., 1983.-გვ.438

1894-1896 წლებში მუშაობდა სტრასბურგის უნივერსიტეტის, ვატიკანისა და რომის ბიბლიოთეკებში. - See more at: http://www.diaspora.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=166&info_id=2450#sthash.O40lrixS.dpuf
1894-1896 წლებში მუშაობდა სტრასბურგის უნივერსიტეტის, ვატიკანისა და რომის ბიბლიოთეკებში. - See more at: http://www.diaspora.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=166&info_id=2450#sthash.O40lrixS.dpuf
პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი - See more at: http://www.diaspora.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=166&info_id=2450#sthash.O40lrixS.dpuf
პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი - See more at: http://www.diaspora.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=166&info_id=2450#sthash.O40lrixS.dpufპეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტიპეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1912-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1934 - ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: