The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ მღვდლიაშვილი

თინათინ მღვდლიაშვილი
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1955  (69 წლის)
კატეგორია:მხატვარი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თანამედროვე და ტრადიციული ხელოვნების კოლეჯი, პროფესია - მასობრივ ღონისძიებათა რეჟისორი 1978 წელს.

მისი ლექსები და მოთხრობები, არცთუ იშვიათად იბეჭდებოდა საქართველოს ჟურნალ-გაზეთებში, მაგრამ ქართველი ერის სიყვარული და დიდი წარმატება საქვეყნოდ ცნობილმა ლექსმა, "დავით მეფეს", მოუტანა. ეს ლექსი აიტაცა საქართველომ და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მებაირახტრედ აქცია; მის ლექსებზე შექმნილია საქვეყნოდ ცნობილი სიმღერები: "ხმალი ავლესოთ, ქართველებო!", "აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება", "მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო", "ქართველები შეარიგე, მერაბ!", "ბედის ვარსკვლავო", "სამშობლო ერთადერთია", "საგალობელი სამებას", "ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა" და სხვა. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, ჩეჩნურ, რუსულ, გერმანულ ენებზე; თინათინის მიერ შემკობილი ხატები დაბრძანებულია საქართველოს უბრწყინვალეს ეკლესია-მონასტრებში; პოეტს მიღებული აქვს სპეციალური პრემია სამცხე-ჯავახეთისადმი მიძღვნილი ლექსებისათვის ვარძიაში, ხოლო თბილისისადმი მიძღვნილი ლექსისათვის სპეციალური პრემია და  "სვაროვსკის კალამი". ქართულ პოეზიაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭეს პოეზიის სიმბოლო "მოოქროვილი ბატის ფრთა". თინათინის პოეზია განსაკუთრებულად დააფასა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ. მან პოეტს საჩუქრად გადასცა მოოქროვილი წიგნი "ნათელი ქრისტესი - საქართველო" და პატრიარქის ავტოგრაფით დამშვენებული ოქროს სამაჯური. მისივე ლოცვა-კურთხევით, თინათინის ლექსზე, კომპოზიტორმა ნანა კალანდაძემ შექმნა წმინდა სამების ტაძრის საგალობელი; თინათინ მღვდლიაშვილს გამოცემული აქვს ოცდახუთამდე პოეტური კრებული: "და შინდისფერი ვწერე ლექსები", "და ვიყო ზეცამდე მართალი", "ურჩი მიმინო", "აპოთეოზი", "სამადლობელი", "მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო", "ტაძართა და ვაზთა საგალობელი", "ჭრიჭინებენ, ჭრიჭინებენ ჭრიჭინები", "ეპიტაფიები", "100 ლექსი", "შენ ხომ არ იცი, იასამანო?", "Remember me", "ლურჯი იების ვატერლოო", "ანბანთქება", "ზვიად გამსახურდია - Cor Cordium", "სიყვა-რულის სიმფონია", "პოეზიის კორიდა", "ლექსები -  მზეზე დახეთქილი ბროწეულები" და სხვა; მის მიერ შექმნილი ლექსების ციკლი "ლურჯი იების ვატერლოო", დაიბეჭდა საფრანგეთში, პარიზში. ეს ლექსები მოითხოვა ნაპოლეონ ბონაპარტისა და ჟოზეფინა დე ბოარნეს მუზეუმმა, რომელიც მალმეზონში მდებარეობს. 2007-2008 წლებში თინათინმა შექმნა ჯორჯ გორდონ ბაირონზე შეყვარებული ქალბატონების პოეზია, რაც, აგრეთვე, უპრეცენდენტო შემთხვევაა მსოფლიო პოეზიის ისტორიაში. ამ ციკლს ჰქვია "მომიგონე მე" ("Remember me!"). ამავე პერიოდში შეიქმნა იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთესადმი მიძღვნილი შარლოტა ფონშტაინის თინათინისეული ლექსები. თინათინ მღვდლიაშვილის ლექსი "ვაინახები" ითარგმნა ლონდონის მთარგმნელობით ცენტრში და ამ ლექსით პოეტი შევიდა აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიაში. 2018 წლის 15 ივნისს, რუსთაველის თეატრში გამართულ სულხან-საბა ორბელიანის საიუბილეო საღამოზე - "სულხან-საბა ორბელიანი - 360", ეროვნულ-სახელმწიფოებრივ საქმიანობაში შეტანილი ღვაწლისთვის, პოეტს გადაეცა სპეციალური სიგელი და საიუბილეო წიგნი, რომელშიც გამოქვეყნებულია ლექსი "სამარეში რა ასვენებს საბას?!."; მას მოწყობილი აქვს არაერთი პერსონალური გამოფენა. მონაწილეობა აქვს მიღებული ოცამდე ჯგუფურ გამოფენაში. დაჯილდოვებულია უამრავი სიგელითა და ჯილდოთი. 2000 წელს, ისტორიის მუზეუმში, საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა კოტე ჩოლოყაშვილმა და ქ-მა ია ბაგრატიონ-მუხრანელმა, პოეტი დააჯილდოვეს უძველესი, მოვერცხლილი ხმლით ლექსისთვის "ხმალი ავლესოთ, ქართველებო!". 2015 წელს გამომცემლობა "ინტელექტმა" დაბეჭდა თინათინ მღვდლიაშვილის წიგნი "მთელი თბილისი ციხეშია, ანუ საკანი № 7", რომელშიც აღწერილია პოეტის მიერ განვლილი ნარეკლიანი გზა და საქართველოს უახლესი ისტორიის ურთულესი პერიპეტიები. 2022 წელს, დიდ ბრიტანეთში, კვლავ ითარგმნა თინათინის ლექსები და გამოქვეყნდა მზია ლოურენსის წიგნში "სულიერი ხიდი". პროზაიკოსი, ხატთა შემამკობელი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) საერთაშორისო საზოგადოება, საპატიო წევრი
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი
  • ქაქუცა ჩოლოყაშვილის ეროვნული საზოგადოება, საპატიო წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2020 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის საიუბილეო ოქროს მედალი და საპატიო სიგელი
  • 2015 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • 2014 - წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ "ივერიის" სახელობის პროზა პოეზიის პრემია – "ივერია", ნომინაციაში - "პოეზიის დედოფალი"
  • 2014 - ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია
  • წმინდა ნინოს ჯვარი
    ღმრთის სიტყვის ქადაგებისათვის, ეროვნული ცნობიერების განმტკიცებისათვის, პატრიოტიზმისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: