The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბენიამინ სილაგაძე

ბენიამინ სილაგაძე
დაბადების თარიღი:1920
გარდაცვ. თარიღი:1999  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მახაში, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა ცაგერის პედაგოგიური ტექნიკუმი 1938 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1951 წელს.

1939 წელს მოხალისედ წავიდა საბჭოთა არმიაში. როგორც რიგითი მებრძოლი მონაწილეობდა ფინეთისა და ბესარაბია-ბუკოვინის სამხედრო ოპერაციებში. საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის დაწყებას შეხვდა ქ. კიშინოვში 22-ე სატანკო პოლკში მძღოლ-მექანიკოსად. გარკვეული დროის მანძილზე ის მუშაობდა ხარკოვის სატრაქტორო ქარხანაში, რომელიც მაშინ უკვე ტანკებს უშვებდა. 1943 წლის ზაფხულიდან უმაღლესი მთავარსარდლობის რეზერვის განსაკუთრებული დანიშნულების 61-ე მძიმესატანკო პოლკის შემადგენლობაში იყო. მონაწილეობდა კურსკის, ბელგოროდისა და ხარკოვის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში, რომლის დროსაც მისი საბრძოლო მანქანა დაიწვა, ხოლო პოლკის მეთაური დაიღუპა, თეითონ დაიჭრა. 1944 წლის მარტში პროსკუროვოსთან გამართულ ბრძოლაში უკვე მეორედ დაიჭრა, თანაც ისე მძიმედ, რომ ძლივს გადაურჩა მარჯვენა ხელის ამპუტაციას. ამის შემდეგ თავის ნაწილში დაბრუნდა და მონაწილეობდა ლვოვ-სანდომირის ოპერაციაში. ფაშისტური გერმანიის ტერიტორიაზე, განსკუთრებით თავი გამოიჩინა ოდერის ფრანკფურტისათვის ბრძოლებში. სარდლობის საბრძოლო დავალებათა დროულად და პირნათლად შესრულებისათვის მძღოლ-მექანიკოსმა, ბოლოს ინსტუქტორ-მექანიკოსმა მთავრობის ოცამდე ჯილდო დაიმსახურა. გარდა ამისა, ბ. სილაგაძეს მიღებული აქვს უმაღლესი მთავარსარდლის ი. სტალინისაგან პირადი მადლობები ბელგოროდის, ხარკოვის, ქ. გნეზეხის განთავისუფლებისათვის, "გერმანიაში შეჭრისათვის", "ოდერზე გერმანიის თავდაცვის გარღვევისათვის" და ბერლინის აღებისას გამოჩენილი მამაცობისათვის. აღსანიშნავია, რომ მან დაიმსახურა ქების სიგელი მარშალ გ. ჟუკოვისაგან და პირველი გვარდიული სატანკო არმიის სარდლის გენერალ-პოლკოვნიკ მ. კატუკოვისაგან. 1957-1962წწ. პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. 1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში. 1986 წლიდან წამყვან მეცნიერ თანამშრომლად. 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1973 წელს - სადოქტორო დისერტაცია. ის 6 მონოგრაფიული გამოკვლევისა და 100-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორია. ამ ნაშრომებით მან საფუძველი დაუდო მამლუქოლოგიის მეცნიერულ შესწავლას საქართველოში. მამლუქთა ისტორიის შესწავლისათვის გაწეული მეცნიერული შრომის გამო მიღებული აქეს მადლობა ერაყის მეცნიერებათა აკადემიისაგან. 

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 95-97

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
    ნაყოფიერ სამეცნიერო მუშაობაში მიღწეული წარმატებისთვის

გააზიარე: