The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გენო ცინცაძე

დაბადების თარიღი:1929
გარდაცვ. თარიღი:1992  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ფარცხმა, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1953 წელს; 1954-1956წწ. სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში.

1957 წელს თბილისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში; 1974 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტში ფილოსოფიის კათედრის გამგედ. მის კალამს ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო სტატია და რამდენიმე მონოგრაფიული გამოკვლევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წიგნი "აუცილებლობისა და შემთხვევითობის ურთიერთობის შესახებ" (თბილისი, 1965), რომელშიც ეს ფილოსოფიური კატეგორიები განხილულია თანამედროვე მეცნიერების (ფიზიკისა და ბიოლოგიის) მონაცემების მეცნიერული ანალიზის საფუძველზე. იგი იკვლევდა აგრეთვე მეცნიერული შემეცნების მეთოდოლოგიის პრობლემებს, ფილოსოფიისა და კერძო მეცნიერებათა ურთიერთობას, მეცნიერული კვლევის მეთოდებს და სხვა ფილოსოფიურ პრობლემებს. მის ნაშრომებში შესწავლილია არა მხოლოდ თეორიული ფილოსოფიის, არამედ აგრეთვე მეცნიერების ფილოსოფიის ძირეული საკითხები. იგი აკრიტიკებდა იმ გავრცელებულ თვალსაზრისს, რომლის მიხედვით კერძო მეცნიერებანი ფილოსოფიიდან გამოიყო და, ამტკიცებდა რა მათი ურთიერთკავშირის აუცილებლობას, ამასთანავე იცავდა თითოეული მათგანის გენეტიკური და რეალური ავტონომიის იდეას. იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მეცნიერული კვლევის სისტემურ მეთოდს, აჩვენებდა მის ფილოსოფიურსა და მეცნიერულ წანამძღვრებს, დამოკიდებულებას დიალექტიკურ მატერიალიზმთან. მან სპეციალური წიგნი მიუძღვნა მეცნიერული შემეცნების მეთოდოლოგიის პრობლემას, რომელშიც ნაჩვენებია ამ მეთოდოლოგიის სტრუქტურა და დონეები, ფილოსოფიის მეთოდოლოგიური როლი სპეციალურ-მეცნიერული კვლევის პროცესში და სხვა. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი.

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.186-187

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: