The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ხიდაშელი

შალვა ხიდაშელი
დაბადების თარიღი:31 მაისი, 1911
გარდაცვ. თარიღი:21 სექტემბერი, 1994  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კლასიკური ფილოლოგიის განხრით 1931 წელს; 1933-1936წწ. სწავლობდა ლენინგრადის ენის, ისტორიისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ანტიკური ფილოსოფიის სპეციალობით.

1936 წელს მუშაობას იწყებს რუსთაველის ეპოქის მუზეუმში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ივანე ჯავახიშვილი; იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; 1946 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში; 1967 წლიდან სათავეში ედგა ქართული ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებას. მისი მეცნიერული კვლევა-ძიების მთავარი სფერო იყო ქართული კულტურის ისტორია, კერძოდ, ქართული მატერიალურ-კულტურული ძეგლების შესწავლა, ქართული ფილოსოფიის ისტორია, ქართული რენესანსის საკითხები, რუსთველოლოგია. 1990-იან წლებში იგი აქტიურად იღვწოდა პუბლიცისტიკის სფეროში, კერძოდ, მისი სტატიები მიძღვნილი იყო ეროვნული პრობლემების, ზნეობისა და პოლიტიკის საკითხებისადმი. იგი ძირითადად იკვლევდა IV-XIX საუკუნეების ქართული ფილოსოფიის ისტორიას, მის სხვადასხვა მონაკვეთს მიუძღვნა მონოგრაფიული გამოკვლევები. იგი შალვა ნუცუბიძის ტრადიციების გამგრძელებელია ქართული ფილოსოფიის ისტორიის, რენესანსის პრობლემების დამუშავებასა და რუსთველოლოგიაში. ამასთან, მას "კვლევის საკუთარი გზა" (შ. ნუცუბიძე) გააჩნდა, რაც უპირველესად გამოიხატებოდა შუა საუკუნეების ქართული კულტურის აქსიოლოგიის (ღირებულების თეორიის) პოზიციიდან განხილვაში. შალვა ხიდაშელის მოღვაწეობაში განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო 1981-1993 წლები, როდესაც მან გამოაქვეყნა 50-მდე მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის, ოთხი მონოგრაფია და ორი პუბლიცისტური კრებული. ქართული ფილოსოფიის ისტორიაში მისი მრავალმხრივი კვლევა-ძიების შეჯამება იყო 1988 წელს გამოქვეყნებული წიგნი "ქართული ფილოსოფიის ისტორია", სადაც შესულია მისი კვლევა-ძიების შედეგები ქართული ფილოსოფიის, ისტორიის, ქართული რენესანსის და რუსთაველის მსოფლმხედველობის შესახებ. მისი შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), აკადემიკოსი.

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.205-206;  ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 140-141

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1988-1994)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მამაცობისთვის"
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • სამამულო ომის II სარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: