The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მირიან ხუციშვილი

მირიან ხუციშვილი
დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1924
გარდაცვ. თარიღი:2013  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:ეთნოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ხოდაშენი, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ალპინიზმისა და სამთო-სათხილამურო სკოლა; გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. 

1942 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში და ჩარიცხეს მახაჩყალის სამხედრო სასწავლებელში კურსანტად. 1943 წლიდან, სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მსახურობდა ოცეულის მეთაურად 33-ე სამთო მსროლელი კორპუსის მე-8 ბრიგადაში. 1946 წლის სექტემბრამდე იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სხვადასხვა ნაწილებში ოცეულის მეთაურად (ახალქალაქი, ლენინაკანი, ქუთაისი, ბათუმი). არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ ერთ წელზე მეტ ხანს მუშაობდა გორის რაიონის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში მეცნიერი მუშაკის თანამდებობაზე. 1952 წელს ხელმეორედ გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, სადაც მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე: ოცეულის მეთაურად (ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი), ასეულის მეთაურის მოადგილედ და ცალკე ბატალიონის პროპაგანდისტად (შორეულ აღმოსავლეთის სამხედრო ოლქი -კამჩატკა), სკოლის უფროსის მოადგილედ (ვლადივოსტოკი, ჩრდილოეთ სახალინი). 1958 წლის დეკემბერში საბჭოთა არმიის რიგების შემცირებასთან დაკავშირებით დემობილიზებულ იქნა კაპიტნის წოდებით. 1959 წლის 15 აპრილიდან მუშაობდა საქარველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერული ათეიზმის განყოფილების გამგედ, 1973 წლიდან რელიგიის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელად. 1972 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. გამოაქვეყნა ორი მონოგრაფია და რამდენიმე შრომა. 1989 წლიდან მუშაობს წამყვან მეცნიერ თანამშრომლად და რელიგიის ისტორიის შემსწავლელი  ჯგუფის ხელმძღვანელად. 1960 წლიდან ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-კვლევით ექსპედიციას, რომელიც სწავლობდა და დოკუმენტურად აფიქსირებდა (კინო, ვიდეო, ფოტო) ქართველი ხალხის უძველესი სულიერი კულტურის ფორმებს: შემორჩენილ ქართულ ხალხურ დღეობებსა და წეს-ჩვეულებებს, საკულტო დანიშნულების ძეგლებსა და მათთან დაკავშირებულ რიტუალს, საცხოვრებელ, სამეურნეო და საფორტიფიკაციო ნაგებობებს (არქიტექტურულად აზომა და ახაზა საქართველოს მთიანეთის საკულტო დანიშნულების ძეგლები). მოძიებული მასალის საფუძველზე შედგა საქართველოს მთიანეთის საკულტო დანიშნულების ძეგლთა რუკა, შეიქმნა ათამდე ეთნოგრაფიული დოკუმენტური ფილმი, რომელთაგან ხუთი დემონსტრირებული იყო ანთროპოლოგიური და ეთნოგრაფიული ფილმების მსოფლიო ფესტივალზე (1985-1991წწ. ქ. პიარნუში), სადაც დაიმსახურა ფესტივალის ჟიურის დიპლომი. მიღებული აქვს  მთავრობის ჯილდოები.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 142-143; mapageweb.umontreal.ca

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - მედალი "საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების 40 წელი"
  • მედალი "1941-I945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯეების 40 წელი"
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • სამამულო ომის II სარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: