The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ჯიოევი

ოთარ ჯიოევი
დაბადების თარიღი:16 თებერვალი, 1928
გარდაცვ. თარიღი:1999  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1945 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 1949 წელს გადავიდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმავე ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1950 წელს. 1951-1954წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტი.

1955-1957წწ. მუშაობდა ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში პედაგოგად; 1957 წლიდან - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად; 1970 წლიდან ამავე ინსტიტუტის ისტორიული მატერიალიზმის განყოფილების გამგედ; 1983-1992წწ. შეთავსებით მუშაობდა ცხინვალის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 100-ზე მეტი მონოგრაფიისა და სტატიის ავტორია. მის ნაშრომებში გამოკვლეულია ისტორიისა და კულტურის ფილოსოფიის აქტუალური პრობლემები; განხილულია ისტორიული შემეცნების სპეციფიკა; გაანალიზებულია ისტორიული აუცილებლობის ნატურალისტური გაგების მცდარობა. ისტორიული აუცილებლობა გაპირობებულია ისტორიაში ღირებულებით, დეტერმინაციის არსებობით. ადამიანის თავისუფლება გულისხმობს ღირებულებით დეტერმინაციას და მაშასადამე, ღირებულებათა გარკვეულ ობიექტურობასაც. იგი კულტურას განიხილავს როგორც ადამიანის მოღვაწეობის იმგვარ სპეციფიკურ ფორმასა და შედეგს, რომელიც გამოხატავს ადამიანის ქმნადობას, მის ჰუმანიზაციას. იკვლევდა აგრეთვე უახლესი დროისა და თანამედროვე დასავლეთის ფილოსოფიურსა და სოციოლოგიურ თეორიებს, აკრიტიკებდა და ხშირად იყენებდა მათ თავისი კონცეფციის გადმოცემისას. აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ღირებულებების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციების სერია, მათ შორის, თბილისშიც (1974 წელს), რომელთა ერთ-ერთი ინიციატორი თვითონ იყო. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კიტა მეგრელიძის ფილოსოფიურ შეხედულებათა გამოკვლევის საქმეში. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1972).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11, თბ., 1987, გვ. 566-567; ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი .-ბათუმი, 2004. -გვ.212-213; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.104

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1983-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ფილოსოფიური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: