The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ჯორჯაძე

არჩილ ჯორჯაძე
სხვა სახელი:საბუელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1872
გარდაცვ. თარიღი:21 მარტი, 1913  (41 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციოლოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1981-1985წწ. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ თბილისის პირველ გიმნაზიაში, რომელიც 1892 წელს დაამთავრა. სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტში. ვარშავაში სცადა ფარული საზოგადოების "საქართველოს თავისუფლების ლიგის" დაარსება; 1893 წელს დაბრუნდა პეტერბურგის უნივერსიტეტში; მონაწილეობდა ფილოსოფიურ წრეში; გაემგზავრა საზღვარგარეთ და იქაურ უნივერსიტეტებში ისმენდა ლექციებს.

1900-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა საქართველოში; 1901 წლიდან იგი გაზეთ "ცნობის ფურცლის" თანამშრომელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო; იღვწოდა საქართველოში ახალი პარტიის შესაქმნელად; იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერი; 1901 წელს აირჩიეს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიისა და მისი ბეჭდვითი ორგანოს გამოსაცემად შექმნილი კომიტეტის წევრად; მონაწილეობდა პარტიის პროგრამის შემუშავებაში; 1902 წელს საზღვარგარეთ გაემგზავრა. ლექციებს ისმენდა პარიზისა და ლონდონის უნივერსიტეტებში, ინგლისსა და შვეიცარიაში სწავლობდა სოციოლოგიას. მისი წინადადებით საფრანგეთში გამოდიოდა გაზეთი "საქართველო"; 1903-1905წწ. გაზეთს თავად რედაქტორობდა. იგი იყო ქართველ რევოლუციონერთა I კონფერენციის მოწვევის (ჟენევა, 1904) ერთ-ერთი ორგანიზატორი და მომხსენებელი; მოითხოვდა მეფის რუსეთის პოლიტიკური ძალაუფლების დეცენტრალიზაციას, რუსეთის ფედერალურ მოწყობასა და საქართველოს ავტონომიის შექმნას, მიწის სოციალიზაციის დემოკრატიული პროგრამის განხორციელებას. 1905 წელს არჩილ ჯორჯაძე საქართველოში დაბრუნდა, იყო სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების წევრი, თანამშრომლობდა გაზეთებში: "ისარი", "ამირანი" და სხვ. 1900-იან წლებში გამოქვეყნდა მისი თხზულებანი: "სამშობლო და მამულიშვილობა", "მასალები ქართველი ინტელიგენციის ისტორიისათვის" (1909) და სხვ. XIX საუკუნის ქართველი ინტელიგენციის ისტორიის ფონზე იხილავდა საქართველოს მრავალ საჭირბოროტო საკითხს. მის თხზულებებში განხილული იყო ფილოსოფიის, სოციოლოგიის, ისტორიის, კულტურის საკითხები. იგი დიალექტიკური მატერიალიზმის წინააღმდეგი იყო და სუბიექტურ-იდეალისტურ კრიტიკულ პოზიციებზე იდგა. აღიარებდა განვითარების პროცესის ობიექტურობას, მაგრამ იგი ადამიანის შემეცნებისათვის მიუწვდომლად მიაჩნდა. ისტორიაში უარყოფდა კლასთა ბრძოლის ფაქტს და რევოლუციური გარდაქმნების აუცილებლობას, მხარს უჭერდა საზოგადოების თანდათანობითი ევოლუციური სრულყოფის იდეას. მისი აზრით, ქართული ეროვნება და ეროვნული შემეცნება ქართულმა სახელმწიფომ შექმნა. 1900-იანი წლების დასაწყისის საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა უნუგეშოდ ეჩვენებოდა, აღიარებდა საქართველოს კაპიტალისტურ განვითარებას, უარყოფდა კლასთა ბრძოლას, იცავდა კლასთა "საერთო ნიადაგის" თვალსაზრისს, რაც 1911 წელს უარყო. კლასთა ბრძოლაზე წინ ეროვნული საკითხს აყენებდა და ცდილობდა ამ პოზიციიდან აესხნა სოციალური მოვლენები. მისი ზოგადფილოსოფიური პოზიციიდან გამომდინარეობდა მისი ისტორიული კონცეფციაც, აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიასა და სხვებს საქართველოს ისტორიისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების გამო. XIX ს. I ნახევრის აჯანყებებს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებად მიიჩნევდა. ქართველი პოლიტიკური მოღვაწე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.573; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.436

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოციალ-ფედერალისტური პარტია, ლიდერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: