კულტურა

ზ. სხირტლაძე

ბერთა მთის ქვაბებში

წინამდებარე სტატიაში გამოქვეყნებულია მასალები ახლახან აღმოჩენილ მომცრო გამოქვაბულ კომპლექსზე, რომელიც გარეჯის კვლევის ცენტრის მიერ 2003 წლის ბოლოს იქნა შესწავლილი. კომპლექსი განლაგებულია გარეჯის უდაბნოს დასავლეთ მასივში ბერთა მთის სამხრეთი ფერდის ზედა ნაწილში. თავის დროზე მთის კლდოვან ფერდს ერთ იარუსად გამოყოლებული სამხოლოოსაგან ახლა შემორჩა მხოლოდ ეკლესია და რამდენიმე სენაკის ნაშთი, აგრეთვე მათი დამაკავშირებელი სადერეფნო სისტემის ნაწილი და შვეული ჭები, მოზრდილი ქვაბებით ქვედა კიდეში.

ახლად მიკვლეული კომპლექსი თავისი მაშტაბებით, გეგმარებითა და არქიტექტურული გადაწყვეტით იმ რიგისაა, სამონასტრო ტრადიციაში სამხოლოოს ან სოხასტერს რომ უწოდებენ. აშკარაა, რომ მრავალმთის სხვა რამდენიმე სავანის (თეთრი უდაბნო, შავი სენაკები, ჩიჩხიტური, ვერანგარეჯა, ბერების სერის ოთხი კომპლექსი, პატარა ქვაბები, კოწახურა და სხვა) მსგავსად, ბერთა მთის კომპლექსიც მცირე მასშტაბებს, მხოლოდ რამდენიმე ბერის სამოწესო სამყოფელად, სამოწესოდ შეიქმნა.

კომპლექსის შექმნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე დღეისათვის პირობითად თუ შეიძლება საუბარი. ამასთან დაკავშირებით საგულიხმო ჩანს სამოწესეო ცხოვრებისათვის დამახასიათებელი ცალკეული თავისებურებები, აგრეთვე არქიტექტურულ-გეგმარებითი გადაწყვეტა, რომლებიც თავილი არქაულობით გამოირჩევა და სამონასტრო გაერთიანების ისტორიის ადრეული ეტაპისთვის (არაუგვიანეს VIII-IX საუკ.) იყო დამახასიატებელი. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს ბერთა მთის ქვაბთა შორის შვეული ჭების არსებობის ფაქტი. მსგავსი ჭები არაერთგზის ყოფილა დადასტურებული გარეჯის სხვადასხვა მონასტერსა და სამხოლოოში. მაგრამ ბერთა მთის ქვაბებისაგან განსხვავებით, როგორც წესი, ჭების ქვედა ნაწილში ლიობებია გამოკვეთილი, რაც აშკარას ხდის, რომ მათ საკომუნიკაციო დანიშნულება უნდა ჰქონოდათ. ბერთა მთის ორივე ჭა ქვაბით ბოლოვდება, გამოსასვლელი ლიობი კი არცერთში არ ჩანს. ბუნებრივად ჩნდება მოსაზრება, რომ ეს, შესაძლოა, სამოწესეო ყოფის გარკვეულ თავისებურებებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ადრეულ შუასაუკუნეებში ასეთად მემღვიმეობის ტრადიცია შეიძლება გვევარაუდა. მით უფრო, რომ იგი სწორედ ასურელ მამათა დასთანაა დაკავშირებული. წმ. შიო მღვიმელი ხომ სწორედ ჭისებრ მღვიმეში იყო დაყუდებული.

 

გარეჯის კვლევის ცენტრი
სარჩევი