სტატია ეხება ბრუნების სისტემის კლასიფიკაციას ანტიკური ეპოქის გრამატიკოსებთან. მასში მოცემულია ანტიკური ეპოქის დიდი მოაზროვნეების მოსაზრებები და თეორიები ბრუნების სისტემასთან დაკავშირებით. მათ შორის არისტოტელეს, ქრისიპოსის, დიოგენე ლაერტელის, ამონიუსის, არისტოფანე ბიზანტიელის, დონატიანეს, არისტარქოს სამოთრაკიელის, ჰეროდიონეს და დიონისიოს თრაკიელის შეხედულებები. სამწუხაროდ, ანტიკური ეპოქის მოაზროვნეებთან ბრუნების შესახებ საკმაოდ მწირი ცნობები მოგვეპოვება. მეტ-ნაკლებად მწყობრის სახით ბრუნვათა სისტემაზე მსჯელობა შეგვიძლია დიონისიოს თრაკიელის Tεχνη γραμματικη (გრამატიკის ხელოვნება) მიხედვით. განხილული მოსაზრებების საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ანტიკური ეპოქის გრამატიკოსებთან ჯერ კიდევ არ არის საუბარი ბრუნების სისტემასა და მის ტიპებზე, მაგრამ უკვე გვხვდება ბრუნვათა მიხედვით სახელთა ფორმაცვალების სისტემატიზაციის ტენდენცია.
სტატიაში ასევე მოცემულია ტერმინების πτωσις (ბრუნვა) და κλíσις (ბრუნება) წარმომავლობა და მათი გამოყენების სფერო. თავდაპირველად, როგორც πτωσις-ს, ასევე κλíσις-ს დღევანდელი მნიშვნელობისაგან განსხვავებული, უფრო ფართო გაგება ჰქონდათ. ასე, მაგალითად, πτωσις არისტოტელესთან არის სიტყვის ყველა ის ფორმა, რომელიც გადახრილია "ნორმალური" საწყისი ფორმისაგან და იგი თითქმის ყველა მეტყველების ნაწილს ეხება. ხოლო κλíσις ზოგადად სიტყვათა ფლექსიურ ცვლილებას აღნიშნავს (ბრუნებასაც და უღლებასაც).
თანამედროვე მნიშვნელობა ტერმინ πτωσις-ს უკვე სტოელებმა მისცეს, ხოლო რაც შეეხება ტერმინ κλíσις-ს, ბერძნულ ენაში მან დღემდე შემოინახა თავისი ძველი მნიშვნელობა, და გამოიყენება, როგორც ბრუნების, ასევე უღლების სისტემის აღსანიშნავად.