საერთაშორისო პროექტი "ადამიანის გენომი" არსებობს 1989 წლიდან და მიუხედავად სერიოზული ეკონომიკური პრობლემებისა, ფინანსდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. პროექტის მიზანია გენეტიკური რუკის შედგენა და იმ 8000 გენისა და სამი მილიარდი ნუკლეოტიდის თანმიმდევრობის დადგენა რომლისგანაც შედგება ადამიანის დნმ.
პროექტ "ადამიანის გენომის" განხორციელებას თან ახლავს რევოლუციური ტექნოლოგიების გაჩენა მოლეკულურ ბიოლოგიაში, რომლებიც გამოიყენება გენეტიკურად დეტერმინირებული დაავადებების დიაგნოსტიკასა და კორექციაში. ადამიანის გენომი არის არამარტო ფუნდამენტური სამეცნიერო პრობლემა, არამედ ფინანსური და ამავე დროს, მნიშვნელოვანი სოციალური მოვლენა. გენომის შესწავლა მივიდა იმ დონემდე, როდესაც ჰუმანისტები: ფილოსოფოსები, სოციოლოგები, სამართალმცოდნეები, რელიგიური მოღვაწეები ფართო საზოგადოებასთან ერთად ბოლოსდაბოლოს უნდა დაინტერესდნენ ბიოეთიკის პრობლემებით.
ათასი ახალი დიაგნოსტიკური მეთოდი, რომლებიც ახლო მომავალში შემუშავდება, ადამიანებს მისცემს საშუალებას მოიპოვოს უნიკალური ინფორმაცია თავის გენეტიკურ თავისებურებებზე. გენეტიკური ინფორმაციის ფლობა გულისხმობს პასუხისმგებლობას ამ ინფორმაციით სარგებლობაზე. რაც თავის მხრივ მოითხოვს ტრადიციული ეთიკის ისეთი ცნებებით გამდიდრებას როგორიცაა "კონფიდენციალობა", "პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა" და "პიროვნების ავტონომია", რომელიც უნდა ეხებოდეს არამარტო ინდივიდს, არამედ ოჯახსა და ოჯახურ ჯგუფებს.
ადამიანის ბუნების ზოგადფილოსოფიური გაგების დონეზე პროექტმა "ადამიანის გენომი" შეიძლება ხელი შეუწყოს რედუქციონისტური მიდგომის გავრცელებას. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ საბოლოო ჯამში ადამიანი განიხილება როგორც მოლეკულათა ნაკრები.
ენთუზიაზმი, რომლითაც საზოგადოება ადამიანის გენომის კვლევისას მოპოვებულ წარმატებებს აღიქვამს, ადამიანური თვისებების გენეტიკური დეტერმინაციის როლის გაზვიადებას იწვევს. რაც საბოლოო ჯამში პირადი პასუხისმგებლობის მოხსნას ნიშნავს. ნიჭი ან პირიქით შეზღუდული უნარი, ნორმიდან გადახრილი ქცევა და ა.შ. , განიხილება როგორც მემკვიდრული წინასწარგანსაზღვრულობანი და არა როგორც თავისუფალი ნების შედეგი.
ადამიანის ქცევის გენეტიკური წინასწარგანსაზღვრულობის პრობლემა პარადოქსს წარმოშობს, რასაც ჩვენი აზროვნება საუკუნეთა მანძილზე ეჯახება. როგორ უნდა გავიგოთ ადამიანის თავისუფალი ნება, თუ ყველაფერი, რაც სამყაროში ხდება, წინასწარგანსაზღვრულია ღვთის ნებით? რა აზრი აქვს თანამედროვე სამყაროში თავისუფლების, პასუხისმგებლობის, მორალის იდეებს, თუკი ყველაფერი ბუნებრივი აუცილებლობის ძალით ხდება?
სტატია მიზნად ისახავს პასუხი გასცეს ამ კითხვებს.