ლიტერატურა

ი. დარჩია

ფერის ფუნქციისათვის სოფოკლეს ტრაგედიაში "აიასი"

როგორც კვლევამ და ჩემმა ნაშრომმა წარმოაჩინა, სოფოკლეს "აიასში" ორად ორი ფერი გამოიყენება და ისინი 8-ჯერ გვხვდება (შავი – 5-ჯერ, თეთრი – 3-ჯერ), 3-ჯერ საგუნდო და 5-ჯერ სადიალოგო პარტიაში. სოფოკლე ფერის აღმნიშვნელ 8 ტერმინს იყენებს: 4 მარტივსა და 4 კომპოზიტს.

"აიასში", ტრაგედიის მამის დრამათა მსგავსად, იხმარება შავი, როგორც დომინანტური ფერი, რომელიც ამ ნაწარმოების ძირითადი მოტივების ხაზგასასმელად გამოიყენება (კერძოდ, ესენია: ის სისხლი, რომელიც დაიღვრება; ჰექტორის ნაჩუქარი საბედისწერო მახვილი, რომლითაც აიასი ჯერ ნახირს დაერევა, ხოლო შემდეგ თავსაც მოიკლავს; ოდისევსი, დასაწყისში მტერი, ხოლო დასასრულს – მოყვარე, სწორედ მისი ხასიათი განსაზღვრავს ნაწარმოების მსვლელობას და განმუხტავს ტრაგიკულ კონფლიქტს).

"აიასში" ესქილესეულია არა მხოლოდ ფერის გამოყენების პრინციპი, არამედ ის სიტყვათშეთანხმებანიც, რომლებშიც შავი გამოიყენება. ჩემი აზრით, იმავდროულად ირიბი, არაპირდაპირი კავშირი შეიძლება დავინახოთ სოფოკლეს აიასის "შავ მახვილსა" და ესქილეს ერინიების "შავ ისარს" შორის (იხ: "აიასი", 229-230, "ქოეფორები", 283-287).

ზემოთქმულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ "აიასში" სოფოკლეს მხატვრული ხედვა ესქილეს ქრომატულ ესთეტიკას მოგვაგონებს, რაც ცხადყოფს პლუტარქოსის სიტყვების ჭეშმარიტებას, რომ "სოფოკლემ მოძებნა საკუთარი გზა მას შემდეგ, რაც გადალახა ესქილეს პომპეზურობა" (De prof. in virt. 79 b).

 

ივ. ჯავახიშვილი სახ. თბილისის უნივერსიტეტი
სარჩევი