საბჭოთა კავშირში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობის პროპაგანდა ჯერ კიდევ "პერესტროიკის" პერიოდში დაიწყო. ეს იდეა საკავშირო მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა კვალდაკვალ უმალ აიტაცა ქართულმა მედიამაც და შეიძლება ითქვას, რომ მის რეალიზაციას ჩვენში ფაქტობრივად წინააღმდეგობა არ შეხვედრია. მოგვიანებით გაირკვა, რომ მედია ისევე, როგორც მთლიანად საზოგადოება, ინფანტილური წარმოდგენების ტყვეობაში ყოფილა. საქმეში ჩახედული ადამიანები ჯერ კიდევ რეფორმების დაწყებამდე გრძნობდნენ, რომ მათი განხორციელება დიდი ტკივილების გარეშე შეუძლებელი იყო, მაგრამ, როგორც წესი, ამის თაობაზე ხმამაღლა მსჯელობას გაურბოდნენ.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ამ თემაზე არ გამართულა სერიოზული, გულწრფელი და ღია საუბარი. ზოგიერთი პუბლიცისტი და პოლიტიკოსი გვაფრთხილებდა ცვლილებათა მძიმე სოციალური ფასის შესახებ, თუმცა იმავე დროს მიუთითებდა, რომ ამის გარეშე შეუძლებელი იყო სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების ახალ ზღუდეებზე გასვლა.
ზემოთქმული მარტოოდენ ქართული სინამდვილისათვის როდი იყო დამახასიათებელი. მეტნაკლებად იგივე შეიმჩნეოდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებშიც.