რადიკალური ოსური პოზიციის მქონე გაზეთი "Южная Осетия" ქართული პრესისაკენ შემხვედრ ნაბიჯებს დგამს. მართალია, მაში თავს იჩენს საკუთარი პრინციპების დაცვის სურვილი, მაგრამ ამ დროისათვის ორი ხალხის ურთიერთობაში შემრიგებლური განწყობილებანი თავს იჩენს, რაც მნიშვნელოვანი პროგრესია.
ქართულ-ოსური დაახლოების თვალსაზრისით საინტერესო მასალად მიგვაჩნია ოსი ჟურნალისტის ეგნატ კუსრაევის გამოხმაურება ქართული პრესის ფურცლებზე გამოხატული აზრთა სხვადასხვაობის გამო (Одна ласточка весны не делает, газ. "Южная Осетия", 1993, 16 февраля). ჟურნალისტ თიმურაზ ქორიძის სტატია „უნდა დავამარცხოთ ომი" (გაზ. „დრონი", 1992, 27 ნოემბერი. გადაბეჭდილი იქნა ოსურ გაზეთში - "Хуссар Ирыстон", 1992, 17 декабря) გახდა დისკუსიის მიზეზი ჯერ ქართულ, ხოლო შემდეგ ოსურ პრესაში. მასში ავტორი ცდილობს დაპირისპირების ყინულის გალღობას.
1993 წლიდან ქართულ და ოსურ პრესაში ურთიერთისადმი კეთილგანწყობა საგრძნობლად მატულობს. სისხლისღვრის შეწყვეტის გზებისა და საერთო ინტერესების ძიების პროცესში წარმოიშობა ურთიერთშემწყნარებლობის სურვილი. ეს პროცესი შემდგომ წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა, რაც ქართული მხრიდან მეტი კეთილგანწყობით აღინიშნება. განხილულ მასალებში ვხვდებით საინფორმაციო ჟანრებს, მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რეპორტაჟს.