ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

ა. ჩაჩხიანი

სადახლოს ბრძოლის ტაქტიკური ასპექტები სომხეთ-საქართველოს ომში

1918 წლის 18-23 დეკემბრის სადახლოს ბრძოლები, სამხედრო ტაქტიკის თვალსაზრისით, სომხეთ-საქრთველოს ომის ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდია.

დაწყებული 9 დეკემბრიდან, სომხეთის რეგულარული ჯარის ნაწილები და საბრძოლო რაზმები, რომლებმაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, ძლევამოსილად მოიწევდნენ წინ. შესაბამისად, გენერალ წულუკიძის მცირერიცხოვანი გარნიზონის ქვედანაყოფები გააფთრებული ბრძოლებით იხევდნენ უკან უზუნლარი-სანაინი-ალავერდის უბანზე და მძიმე დანაკლისს განიცდიდნენ. 17 დეკემბერისათვის ქართულმა ქვედანაყოფებმა ბრძოლებით გაარღვიეს ალყა ალავერდი-ახტალის უბანზე და სადგურ სადახლომდე დაიხიეს, სადაც უწყვეტი ბრძოლებით გადაქანცულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა (ერთი არასრული ბატალინი და მხარდაჭერის ერთი ჯავშანმატარებელი) 12 კმ-იანი თავდაცვის ზღუდე შექმნეს (გაშლილი პოლკის საწესდებო ნორმა). უტყუარ საარქივო მონაცემებზე დაყრდნობთ ჩვენს მიერ დადგენილია, რომ სადახლოს რაიონში დისლოცირებულ ქართულ ქვედანაყოფებს სომეხთა მრავალჯერ აღმატებული შენაერთი დაუპირისპირდა. დაწყებული 18 დეკემბრიდან, სადახლოს რაიონში ადგილი ჰქონდა გააფთრებულ საბრძოლო მოქმედებებს, რომელიც ხშირად გადადიოდა ხელჩართულ ბრძოლაში. აღსანიშნავია, რომ სომხეთის რეგულარულ ჯარს დივერსიული და ძირგამომთხრელი მოქმედებების თვალსაზრისით მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა დაშნაკთა ულტრანაციონალისტური იდეოლოგიით მოწამლული რეგიონის სომხური მოსახლეობაც, რომელიც თავის დროზე ლტოლვილთა სახით იქნა შეფარებული ქართველთა მიერ. მიუხედავად ზემოჩამოთვლილი ფაქტორებისა, ალყაში მოქცეული ქართული ქვედანაყოფები წარმატებით იცავდნენ თავს და დიდ ზარალს აყენებდნენ მოწინააღმდეგეს. პირველსავე ხელჩართულ ბრძოლაში, 18 დეკემბერს, სრულად იქნა განადგურებული სომხური შენაერთის საბრძოლო ავანგარდი, რითაც დროებით იქნა შეჩერებული სომეხთა წინსვლა ამ მიმართულებაზე. დაწყებული 20 დეკემბრიდან, სომხურ ნაწილებს უწყვეტი იერიში მიჰქონდა ქართულ პოზიციებზე, რასაც ქართული ქვედანაყოფები წარმატებული კონტრშეტევებით პასუხობდნენ. 22 დეკემბრის ბოლოსათვის სრულიად გარშემორტყმული ქართული რაზმი იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა სტრატეგიული პუნქტი და შეეცვალა დისპოზიცია. გენერალ წულუკიძის მიერ მხოლოდ ბოლო წუთებში იქნა ხელმოწერილი უკანდახევისა და ალყის გარღვევის საბრძოლო ბრძანება, რაც შესაბამისი საარქივო დოკუმენტებითაა დადასტურებული. ხაზგასმითაა აღსანიშნავი ის ფაქტი, რომ ქართული რაზმის უკანდახევის ტაქტიკური მანევრი ორგანიზებულად განხორციელდა და არა პანიკურად და უსისტემოდ, როგორადაც ხატავს ამას ზოგიერთი სომეხი და პროსომხურად განწყობილი ავტორი.

საჯარისო ტაქტიკის თვალსაზრისით, საერთო ჯამში, 1918 წლის 18-23 დეკემბრის სადახლოს ბრძოლა ქართული მხარის გააფთრებული თავდაცვითი ბრძოლების სერიას წარმოადგენდა, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართველი მეომრის უტეხი მებრძოლი სული. გენერალ გიორგი წულუკიძის მცირერიცხოვანმა ქვედანაყოფებმა მტრის აღმატებულ ძალებთან გააფთრებულ ბრძოლებში რამდენიმე დღის განმავლობაში შეძლეს პოზიციების შენარჩუნება, რითაც ის ძვირფასი დრო იქნა მოგებული, რაც საომარი მობილიზაციისა და შესაბამისი ძალების ფორსირებული გადმოსროლისათვის იყო საჭირო აღნიშნულ მიმართულებაზე. შედარებით მცირე დანაკარგებით სადახლოს ალყის გარღვევის ფაქტი კი, აღნიშნული სამხედრო მანევრის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად უნდა მივიჩნიოთ.

 

თავდაცვის ეროვნული აკადემია
სარჩევი