კავკასიის რეგიონში ჰეგემონობის მოსაპოვებლად საუკუნეების მანძილზე ერთმანეთს ეჯახებოდა რუსეთის, თურქეთისა და ირანის ინტერესები. თურქეთ-ირანის მესვეურები კავკასიის მაჰმადიანი მოსახლეობის დახმარებითა და მხარდაჭერით ცდილობდნენ საკუთარი გავლენის გაძლიერებას ამ მხარეში. საპირისპიროდ, რუსეთის სამომავლო გეგმებში განსაკუთრებული ადგილი დაიჭირა კავკასიის აბორიგენი მოსახლეობის გაქრისტიანების პრობლემამ, რომლის განხორციელებასაც მეფის მოხელეები სხვა საშუალებებთან ერთად მისიის ფართო ქსელის დანერგვით ვარაუდობდნენ.
კავკასიაში სარწმუნოებრივი პოლიტიკის გატარება მეფის რუსეთმა ოსი მოსახლეობის გაქრისტიანების მცდელობით დაიწყო. 1745 წელს საფუძველი ჩაეყარა ოსთა შორის ქრისტიანობის გამავრცელებელ კომისიას. საკუთარი პოლიტიკური ზრახვების შესანიღბავად ახლადშექმნილი მისიის საქმიანობა რუსეთმა საქართველოს საშინაო საქმედ გამოაცხადა, ხოლო მისიონერებად თავდაპირველად მხოლოდ ქართველი ბერები შეარჩია.
მომდევნო ხანებში კომისიის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით არაერთგზის იქნა განხორციელებული მისი ძირეული რეორგანიზაცია.
მიუხედავად იმ ხარვეზებისა, რომელიც ოსეთის სასულიერო კომისიის მუშაობას ახასიათებდა, მან მაიც გარკვეულად შეუწყო ხელი რუსეთის პოლიტიკური გავლენის განმტკიცებას და მის წარმატებულ წინსვლას მთლიანად კავკასიის რეგიონში.