სოციალისტური იდეის რუსეთის სინამდვილეში აღსრულება ბოლშევიკებს მარტო იდეოლოგიურ და ეკონომიკურ ფრონტზე როდი უხდებოდათ. მათ ყველაზე რთული ბარიერი ყოფილი იმპერიის ფარგლებში მცხოვრებ ხალხთა სულიერ გარდაქმნასთან დაკავშირებით უნდა დახვედროდათ.
ბუნებრივია, რუსეთის რეალური სურათი ამ მიმართულებით კომუნისტთათვის ნაცნობი და კარგად შესწავლილი უნდა ყოფილიყო. ამ მეტად რთულ საკითხთან მიმართებაში ბოლშევიკურ პარტიას საკუთარი გეგმაც უნდა ჰქონოდა. სოციალისტური სახელმწიფოს მშენებელთა თეორეტიკოსებში (ლენინურ-ტროცკისტულ გეგმაში: მუშები, გლეხები, ინტელიგენცია, არმია) არსად ფიგურირებდა ეკლესია.
ცარიზმისა და დროებითი ხელისუფლების სამსახურში მყოფი ეკლესია ბოლშევიკებს სოციალისტური იდეის (რევოლუციური სტაბილურობის) განხორციელებაში ვერ გამოადგებოდა. აღნიშნული კი მიზეზი უნდა ყოფილიყო, ანუ საფუძველი იმ მიზანთა განსახორციელებლად, რომელიც რევოლუციის შემდგომ რუსეთში ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ელემენტებს ჰქონდათ გადაწყვეტილი.