ნაშრომში ჩვენ შევეცადეთ ქართველი მხატვრების სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა მაგალითზე გვეჩვენებინა საქართველოში იმპრესიონიზმისა თუ ცალკეული იმპრესიონისტული კონცეფციების გავრცელების ზოგადი სურათი. საქართველოში იმპრესიონიზმი, როგორც მხატვრული განვითარების ეტაპი არ ყოფილა, მიუხედავად ამისა, ქართველი მხატვრებისთვის უცხო არ დარჩენილა დას. ევროპაში მომხდარი ფერწერული სიახლეები. ხან რუსეთის, ხან კი უშუალოდ დასავლეთ ევროპასთან შეხების შედეგად ქართველები მაინც ეცნობოდნენ და ითვისებდნენ მხატვრულ სიახლეებს. იმპრესიონიზმი ქართულ მხატვრობაში სხვადასხვა დროს იჩენს თავს და თითოეულ მხატვართან ძალზედ თავისებურ ინტერპრეტაციას იძენს. დას. ევროპული ფერწერის მონაპოვართა ქართულ ნიადაგზე თავისებურ გადამუშავებას კი მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა ის ფაქტი, რომ ქართველი მხატვრები, ისტორიული ვითარებიდან გამომდინარე გაცილებით გვიან ეცნობოდნენ დას. ევროპაში მომხდარ მხატვრულ სიახლეებს, რის გამოც იმპრესიონიზმი ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა სტილებთან შერეული სახით გვხვდება. არსებითად, ეს განსაზღვრავდა საქართველოში სხვადასხვა ფერწერულ მიმდინარეობათა სპეციფიკურობასა და ხშირ შემთხვევაში მის ეკლექტურობასაც.