არსებობს მხატვრულ ცხოვრებაში ერთმანეთისაგან განუყოფელი, ურთიერთს შერწყმულშეზრდილი მოვლენები, ასეთთა რიგს განეკუთვნება უთუოდ სოლიკო ვირსალაძე და "ქართული ნაციონალური ბალეტი", ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის არსებობის 50 წლის მანძილზე ამ ანსამბლისთვის საცეკვაო კოსტიუმთა შემქმნელი, ერთადერთი და უცვლელი მხატვარი იყო სოლიკო ვირსალაძე, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი საოპერო და საბალეტო სპექტაკლების გაფორმებას მიუძღვნა, ანუ იმ სპექტაკლების გაფორმებას, სადაც ესოდენ წარმართველი როლი ენიჭება არა მხოლოდ სცენოგრაფიას, არამედ სწორედ კოსტიუმს, ასევე დიდი დატვირთვა აქვს კოსტიუმს ხალხურ ცეკვაში. მან უნდა გამოავლინოს ამა თუ იმ ცეკვის ხასიათი, ბუნება, მისი შინაგანი არსი და რა თქმა უნდა თავად მოცეკვავის პლასტიკაც, მრავალეთნოგრაფიული მხარის მქონე საქართველოში ყოველ კუთხეს თავისი დამახასიათებელი ადათწესი, ზნეჩვეულება და აქედან გამომდინარე, ჩაცმულობა აქვს. მხატვარი იცნობს, შინაგანად გრძნობს ამ მხარეთა ჩაცმულობისთვის ყველაზე დამახასიათებელს, სიღრმისეულს, არსებითს და ძირითადზე მნიშვნელოვანზე დაყრდნობით, მისი გათვალისწინებით უკვე მხატვრის, შემოქმედის თვალით და ალღოთი ახდენს სამოსის ტრანსფორმირებას.