ხალხური ქორეოგრაფიის მსოფლიო კვლევების ისტორიაში, მათ შორის საქართველოშიც, წარმოდგენილი შრომა ქართული ხალხური ქორეოგრაფიული მემკვიდრეობის არატრადიციული მეთოდებით კვლევის პირველი ცდაა.
გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია მეცნიერებაში ცნობილი სიმეტრიის პრინციპები. ავტორმა გაგვაცნო სიმეტრიის სილამაზისა და ჰარმონიის ზღაპრული სამყარო, რომელიც ყველგანაა გამეფებული დაწყებული კოსმიური სივრციდან, ატომებისა და მოლეკულების წყობაში, ძველ ეგვიპტურ არქიტექტურასა და დეკორატიულ ორნამენტებში, პოეზიაში სიტყვების ფარულ სიმეტრიასა და ბახის დროიდან მოყოლებული მუსიკაშიც. მისი მრავალფეროვნება გვხვდება როგორც ხალხურ, საბალო ცეკვებში ასევე იტალიურ, ფრანგულ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საბალეტო ხელოვნებაში.
პუბლიკაციის ძირითადი მიზანი ქართულ ხალხურ ცეკვებში უძველესი დროიდან არსებული სიმეტრიის კანონების თავისებურებების გამოვლენაა. საბალეტო დადგმებისა და ქართული ცეკვების: "ხორუმი", "დავლური", "ნარნარი", "სიმდი" და ცეცხლოვანი "მხედრულის" მაგალითზე, პირველად გაანალიზდა სიმეტრიის პრინციპი, რამაც ამ ცეკვების განსაკუთრებული სილამაზე და ჰარმონიულობა დაგვანახა.