ენათმეცნიერება

მ. ჩაჩიბაია

მარტირიუს-საჰდონა და მისი თხზულება "წიგნი სრულყოფისა"

VII ს.

VII საუკუნის ცნობილი სირიელი საეკლესიო მოღვაწის, ბეთ გარმაის დიოცეზის ეპისკოპოსის მარტირიუს-საჰდონას თხზულება "წიგნი სრულყოფისა" ასკეტიკურ-მისტიკური ლიტერატურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია.

თხზულების სირიული ვერსია ცნობილია მხოლოდ ერთი ხელნაწერით S 4116, რომელიც სტრასბურგის უნივერსიტეტშია დაცული. ხელნაწერი უნიკალურია, მარტირიუს-საჰდონას თხზულება მოიცავს ეტრატის 170 გვერდს. ეტრატის ზომაა 305(215 მმ, თითოეული გვერდი ნაწერია ორ სვეტად, ხოლო თითო სვეტში სტრიქონთა რაოდენობა მერყეობს 34-სა და 40-ს შორის. ხელნაწერი ნაწერია ესტრანგელათი, შესრულებულია შესანიშნავი კალიგრაფიული ხელით, ორთოგრაფია, ძირითადად, ზუსტად არის დაცული. დასაწყისში ხელნაწერს აკლია 68, ხოლო ბოლოში კი ორი ფურცელი, თხზულების სახელწოდება "Perfection", ანუ "წიგნი სრულყოფისა" პირობითია და შერქმეულია თვით ნაწარმოების სხვადასხვა თავების მიხედვით: k"taba# d"sჭumla#y du#ba#re#, ნაწარმოების არქიტექტონიკა რთულია, ხელნაწერი გაყოფილია ორ ნაწილად; პირველი ნაწილი, თავის მხრივ, იყოფა ოთხ ტრაქტატად, ხოლო თითოეული ტრაქტატი იყოფა ქვეთავებად. პირველი ნაწილის 22 თავიდან დღეისათვის შემოგვრჩა მხოლოდ ექვსი თავი ე.ი. 144 გვერდი. მეორე ნაწილი სრულად არის დაცული და შეიცავს 14 თავს, ანუ 341 გვერდს.

ბეჯანი S 4116 ხელნაწერს მიიჩნევდა მარტირიუს-საჰდონას თანადროულად, აგრეთვე არ გამორიცხავდა უშუალოდ ავტორისეული ხელნაწერის შესაძლებლობასაც.

აღნიშნული სირიული ხელნაწერი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლონაკლულიცაა. მისი უკანასკნელი ორი ფურცელი ინახება სანკტ-პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში (Сирийская Новая Серия №13) ხელნაწერის ფრაგმენტი გამოსცა ნ. პიგულევსკაიამ და დაადგინა, რომ ეს ორი ფურცელი წარმოადგენს სტრასბურგის უნივერსიტეტის ხელნაწერ S 4116 ბოლოს. ამ იდენტიფიკაციის შედეგად შესაძლებელი გახდა ავტორის ვინაობის და თხზულების ტექსტის შინაარსის დაზუსტება, აგრეთვე, გადამწერის სახელის, ხელნაწერის შექმნის თარიღისა და ადგილის განსაზღვრა. როგორც მინაწერიდან ირკვევა ხელნაწერი შეიცავს "წიგნს სრულყოფისას", ხუთ წერილსა და სენტენციებს, თხზულების ავტორია წმიდანი და ღმრთისმოყვარე მარტირიუსი2. ხელნაწერი გადაუწერია აბბა სარგისს, ქ. ედესაში, 16 მარტს, მაკედონური ერის 1148-ე წელს, ანუ 837 წელს ჩვ. წელთაღრიცხვით. აბა სარგისის ანდერძიდან ირკვევა, რომ მან ეს ხელნაწერი შეწირა მარ-მოსეს (Mar-mo#sჭe) მონასტერს სინას მთაზე.

...

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი