ქართულ და ქართველურ ენებში არსებული უძველესი ლექსიკური ფენის, ენობრივ-ფსიქოლოგიური მონაცემებისა და არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მასალის შეჯერების შედეგად საინტერესო დასკვნის გამოტანა შეიძლება, კონკრეტულად:
ერთი კონკრეტული ენისა და, მით უმეტეს, ლოკალური სემანტიკური ველის ფარგლებში ასეთი რამ შეუძლებლად მიიჩნევა და აქამდე სპეციალური ლიტერატურა ამ აზრს არა თუ უარყოფს და, აბსურდადაც კი მიიჩნევს. თავიდანვე უნდა შევნიშნოთ, რომ სტრუქტურათა დონეზე სესხების მაგალითები მეცნიერებაში გამორიცხულია. პრაქართული და პროტოხეთური სტრუქტურების მსგავსება კი, ჩვენი აზრით, შემთხვევითი არ არის. ხეთების უძველესი დედაქალაქი ხათუსა ხომ ქართველურ ტომთა განსახლების არეალში მდებარეობდა და მეცნიერები არ გამორიცხავენ პროტოხეთური კულტურის ფორმირების საქმეში ქართველური ელემენტის მონიწილეობას.
მოგვიანებით პროტოხეთური ენა და კულტურა ახალხეთურმა შეცვალა და, როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია მიღებული, ეს მათი დედაქალაქის უფრო სამხრეთით გადანაცვლებამ, შუმერულ სამყაროსთან გაცილებით მიახლოებამ და ამ უკანასკნელი კულტურის უშუალო გავლენამ გამოიწვია. უფრო მეტიც, ახალხეთურ სახელმწიფოში პროტოხეთურ ღვთაებათა სახელების ნაცვლად თვით მისტერიათა აღწერილობაშიც კი შუმერული სახელწოდებები იჩენს თავს.
როგორც პროფ. ი. ტატიშვილი აღნიშნავს, ეს იყო ხეთების რელიგიური შემწყალობის თავისებური გავლენა, როცა გარკვეულ გამარჯვებულ ხალხს შეუძლია დაპყრობილ-დამორჩილებული ქვეყნის ღვთაებათა საკუთარ პანთეონში დავანება და მათთვის ლოცვა-ვედრების აღვლენა. ეს მეტად საინტერესო ფაქტია ევფეისტური თვალსაზრისით – არ განარისხონ დაპყრობილ ერთა ღმერთები და არ აამხედრონ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. და, რაც მთავარია, ამის საშუალებას უკვე შემუშავებული რელიგიური კონცეფცია იძლეოდა. როგორც მიიჩნევენ, სწორედ ამის გამო იქცა ხეთის ქვეყანა "ათასი ღვთაების ქვეყნად".
...