სტატია ეხება ბერძნული ენის ბრუნების სისტემის კლასიფიკაციის პრინციპებს, კერძოდ კი იმ პრინციპს, რომელიც ძველი ბერძნული ენის უახლეს გრამატიკებში არსებობს. განხილულია ჩვენს ხელთ არსებული შემდეგი გრამატიკები: ვ. ბრანდენშტაინის "ბერძნული ენათმეცნიერება" (W. Brandenstein "Griechische Sprachwissenschaft"), მ. მაიერ-ბრიუგერის "ბერძნული ენათმეცნიერება" (M. Meier-Brügger "Griechische Sprachwissenschaft"), პ. შანტრენის "ბერძნული ენის ისტორიული მორფოლოგია" (P. Chantraine "Morphologie historique du Grec"), ა. ძარძანოსის "ძველი ბერძნული ენის გრამატიკა" ("Γραµµατική της Αρχαίας Ελληνικής γλώσσης"), ი. სტამატაკოსის "ძველი ბერძნულის ისტორიული გრამატიკა" ( "Ιστορική γραµµατική της Αρχαίας Ελληνικής").
წარმოებული კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომ ამ პერიოდში ყველა გრამატიკა მიჰყვება ბრუნების სისტემის ტრადიციულ დაყოფას, ე.ი. ყველგან გამოყოფილია სამი ბრუნება ანუ სამი კანკლედობა, ფუძეთა დაბოლოებების მიხედვით. ერთადერთი განსხვავება, რომელიც გვხვდება ამ გრამატიკებში ის არის, რომ ზოგიერთი მეცნიერი ბრუნების სამი ტიპის გამოყოფისას მათ სხვადასხვა სახელწოდებას ანიჭებს. მიუხედავად ამისა, ჩანს ტენდენცია სახელების დაყოფისა ბრუნების დროს მამრობით, მდედრობით და საშუალო სქესის სახელებად, მაგრამ მხოლოდ ბრუნების ტრადიციული ტიპების ფარგლებში. ამაზე დაწვრილებით მსჯელობს ი. სტამატაკოსი, სახელების მეორე ბრუნების გამოყოფისას, სადაც იგი სახელების სქესების მიხედვით სამ ქვეჯგუფს გვთავაზობს.
ძველი ბერძნული ენის უახლესი გრამატიკული სახელმძღვანელოების ძირითადი პრინციპად ლინგვისტური საფუძველი რჩება.