წინამდებარე სტატიაში განხილულია ინტერტექსტუალობის საკითხები ი. კრისტევას, რ. ბარტის, მ. ბახტინის, ჟ. დერიდას, მ. რიფატერის, რასტიეს, ჟ. ჟენეტის, ა. გრემას, ტ. ტოდოროვის ნაშრომებზე დაყრდნობით. პოსტსტრუქტურალისტთა ნაშრომებში ტექსტის ცნება სცდება ლიტერატურული ტეხსტის ფარგლებს და გაიგივებულია ადამიანის ცნობიერებასთან, როგორც მისი ფიქსაციის ერთადერთ ჭეშმარიტ შესაძლებლობასთან. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ტექსტის სემიოტიკური თეორია სცდება ტექსტის ლინგვისტიკის ფარგლებს და იძენს უნივერსალურ ხასიათს. ენის ფილოსოფიიდან გამომდინარე, ტექსტი წარმოადგენს "ქსოვილს", რომელიც ფუნქციონირებს ცხოვრების ყველა სფეროში. ამრიგად, ტექსტი "პლურიიზოტოპურ" ფენომენს წარმოადგენს, ხოლო დისკურსი: "მონოიზოტოპური" ხასიათისაა. ინტერტექსტულობის ცნება მ. ბახტინის თანახმად დაკავშირებულია პოლიფონიასთან, ანუ დიალოგიზმთან. მ. ბახტინი ხაზს უსვამს მრავალხმიანობას ტექსტში, მაგრამ არ ხმარობს ტერმინს ინტერტექსტუალობა. ნეოლოგიზმი "ინტერტექსტუალობა" შემოიღო ჟ. კრისტევამ. "ყოველი ტექსტი იქმნება როგორც ციტატების მოზაიკა, ყოველი ტექსტი წარმოადგენს სხვა ტექსტის შთანთქმას (აბსორბციას) და ტრანსფორმაციას". მისი აზრით ტექსტი წარმოადგენს სემიოტიკურ ფუნქციას არა გამოხატულებასა და შინაარს შორის, არამედ გამოხატულებასა და გარე რეფერენტს ანუ გარე ტექსტს შორის. ლ. ემსლევის თეორია სემიოზისს წარმოადგენს, როგორც ფუნქციას, რომელიც აერთიანებს ორივე პლანს ყოველგვარი გარე რეფერენტის ჩარევის გარეშე.
რ. ბარტი ახლებურად აყალიბებს ი. კრისტევას თეორიას და ამტკიცებს "ყოველი ტექსტი არის ინტერტექსტი, ყოველი ტექსტი წარმოადგენს სიტაციის ახალ ქსოვილს. ინტერტექსტი ანონიმური ფორმულირების ზოგადი ველია, რომლის წარმომავლობის დადგენა იშვიათ შემთხვევაშია შესაძლებელი.
ფილოსოფოსი ჟ. დერიდა ინტერტექსტუალობის შესახებ მეტად საინტერესო თეორიას აყალიბებს. მისი თვალსაზრისი ახლოს დგას ბარტის შეხედულებასთან, მაგრამ სხვა თეორიულ მიმართულებას აძლევს დერიდა თავის დისემინაციის თეორიაში აღნიშნავს, რომ ინტერტექსტი წარმოადგენს ტექსტის სრულ გახსნილობას და მას ტექსტი მიაჩნია ისეთ ქსოვილად, რომელიც თავის მნიშვნელობას პოულობს სხვა ტექსტების ტრანსფორმირების შედეგად. დერიდას ცნობილი დეკონსტრუქციის თეორია სინამდვილეში არ არის დეკონსტრუქცია, არამედ სტრუქტურული ერთეულის რეარტიკულაციას წარმოადგენს. აქედან გამომდინარეობს აღსანიშნის სახეცვლილება ანუ ტექსტის უსაზღვრო ღიაობა. ამრიგად, დერიდასეული ინტერტექსტი არის ღიაობა , რომელიც ადგენს გარეგან საზღვრებს.