ეს სტატია, რომელიც ცნობილ თემას ეხება, წარმოადგენს მაია იანტბელიძის სადისერტაციო ნაშრომის "ადამიანის კონცეფცია ვაჟა-ფშაველას პოემებში" ნაწილს. სტატიაში მოცემულ თემასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა ქართულ ლიტერატურულ წრეებში. ავტორი სტატიის დასაწყისიდანვე მიმოიხილავს ქართულ კრიტიკაში გამოთქმულ სხვადასხვა მოსაზრებას ვაჟა-ფშაველას და ნიცშეს მსოფლმხედველობათა ურთიერთმიმართების თაობაზე. ზოგიერთი ავტორი ამ ორი შემოქმედის შეხედულებებში მეტ საერთოს ხედავს, ზოგი კი, პირიქით, სხვაობაზე ამახვილებს ყურადღებას. მოცემული სტატიის ავტორი ცდილობს საკუთარი ორიგინალური პოზიციის დაფიქსირებას და ამ მიზნით მიმოიხილავს ისეთ ფილოსოფიური ჟღერადობის კატეგორიებს, როგორიცაა ინდივიდუალიზმი, ნება, ზნეობრიობა და ა.შ.
მაია იანტბელიძის პოზიცია აღნიშნულ თემაზე რეალისტურია. ის არ იზღუდება ვაჟა-ფშაველას და ფრიდრიხ ნიცშეს სათაურში გამოტანილი შრომებით და ცდილობს მთელი მსოფლმხედველობის შეფასებას, როგორც ერთ, ასევე მეორე კალმოსანთან. ავტორს მიაჩნია, რომ მიუხედავად გარკვეული მსგავსებისა ვაჟა-ფშაველა და ნიცშე მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში (მათ შორის ქრისტიანულ რელიგიასთან) სხვადასხვა პოზიციებზე მდგარი, განსხვავებული მსოფლაღქმის მატარებელნი არიან.