ონტოლოგიურ ტერმინთაგან ეკლესიასტეს განმარტების გელათური თარგმანები დროის კატეგორიის გამომსახველი ტერმინების განსაკუთრებული სიუხვით გამოირჩევა.
დროის სემანტიკური ველის ძირითად ლექსემად ძველ ქართულ ძეგლებში ჟამი დასტურდება, რომლის მნიშვნელობის არე ვრცელია და ამ კატეგორიის სხვადასხვა ერთეულების (საათი, წამი, წუთი, დღე, წელიწადის დრო...) გამოხატვის ფუნქციებსაც ითავსებს. ჟამ ლექსემა შეიძლება შეგვხვდეს როგორც qronoc-ის, ასევე kairoc-ის შესაბამისად. თავის მხრივ kairoc ფორმის შესაბამისად შეიძლება შეგვხვდეს ჟამიცა და წუთიც. თვითონ დრო ლექსემა არსებითი სახელის ფუნქციითა და იმ ზოგადი გაგებით, რაც მას თანამედროვე ქართულში აქვს, ძველ ქართულ ძეგლებში თითქმის არ დასტურდება. ეკლესიასტეს განმარტების გელათურ თარგმანებში დრო ლექსემის ძირი მხოლოდ ორჯერ გვხვდება, ერთხელ – დროის ზმნიზედის ფუძეში - უ-დრო-ებ-ელ-ად – დაუხანებლად, მაშინვე მნიშვნელობით, ხოლო მეორედ – ზედსართავი სახელის ფუძეში – დრო-ებ-ით-სა – დაყოვნებულის მნიშვნელობით. ორივე შემთხვევაში ეს ფორმა შეესაბამება ბერძნულ uperjesic (ewc, h–upertijhmi – эамедление, поздно) ფორმას.
იმ ზოგადი გაგებით, რაც დრო ლექსემას აქვს დღეს, ძველ ქართულ ძეგლებში გვაქვს ზოგჯერ ჟამი და ძირითადად – საუკუნე, რომელიც შეესატყვისება ბერძნულ aiwn, aiwnia (მარადისობა) ფორმებს. საუკუნე ლექსემის პარალელური ფორმაა მიმდემი, რომელიც გვხვდება ეკლესიასტეს განმარტებაშიც და აქვს მუდმივი, დაუღლელი, მოუკლებელი ქმედების გაგება.