ლიტერატურა

ზ. ცხადაია

70-იანი წლების ქართული პოეზიის ძირითადი ტენდენციები

მ. მაჭავარიანი, მ. ლებანიძე, ა. კალანდაძე, მ. ქვლივიძე, მ. ფოცხიშვილი

70-იანი წლები ერთ-ერთი საეტაპო პერიოდია XX საუკუნის ქართულ პოეზიაში. მნიშვნელოვანწილად ამ ათწლეულის სახეს წინა თაობები - 50-იან 60-იანელები ქმნიან, მაგრამ მოდის ახალი თაობა, რომელმაც ქართული ლექსის ვერსიფიკაციული რღვევის პროცესს იწყებს, "თაობა, რომელნიც პატივახდილი ქართული რითმა თავისი ეზო-გარემოდან დაითხოვა". ამ წლებში კვლავ ნაყოფიერად განაგრძობენ მოღვაწეობას უფროსი თაობის წარმომადგენლებიც.

იდეოლოგიური წნეხისაგან შედარებით გამოთავისუფლებულმა ე.წ. დათბობის შემდგომი პერიოდის ქართულმა პოეზიამ ახალი სასიცოცხლო ძალით გაიჟღერა, მეტი ფსიქოლოგიური დამაჯერებლობითა და აზრობრივი სიღრმით. "პროვინციალიზმის, "დასავლეთისაგან ჩამორჩენის კომპლექსისაგან თავის დაღწევისა" (ი. მოსიძე) და აზროვნების ტრადიციული სტერეოტიპების მსხვრევა ჯერ კიდევ XX საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო. შეიცვალა ლექსის ინტონაციური წყობა, განხორციელდა "პოეზიის ე.წ. "ყოფითი" რეფორმა" (თ. დოიაშვილი). ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდა 60-იანელთა პოეზიაში. ამ თაობამ თავისუფლების ის მიზერული, უმნიშვნელოდ მონაქროლი სიო შემოქმედებით სტიქიად აქცია და მასში გამოტარებული მსოფლგანცდით უპასუხა თანამედროვეობის სულიერ მოთხოვნილებებს, ზოგად-საკაცობრიო პრობლემებს, ერის დათრგუნულ, მიყუჩებულ ემოციებს. მათ გაამდიდრეს და გაამრავალფეროვნეს ქართული პოეზიის თვალსაწიერი, თუმცა "60-იან წლებში მოსულ პოეტებს ტვირთად აწვათ იმის შეგნება, რომ "ყველაზე კარგი ლექსები უკვე კარგახნის დაწერილია". ამ ყველაზე კარგი ლექსების ავტორი კი მათ გვერდით ცხოვრობდა და თავისი უხილავი გავლენის ქვეშ აქცევდა "ახალ-უხლებს". ნიჭიერნი მის პოეტურ სუფრასთან ისხდნენ, როგორც უმცროსი თანამედროვენი, სხვბმა უმადური ხვედრი ირგუნეს -, ნასუფრალს მიეძალნენ.

ეს მხოლოდ სამოციანელებს "კი არა, ყველა შემდგომ თაობას ეხება...".

სამოციანელთა კვალდაკვალ მოსული (60-იანი წლების მიწურულს) პოეტები უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. "ყველაზე კარგი ლექსებიც დაწერილი იყო" და Post scriptum - 60-იენლთა მნიშვნელოვანი ღირებულების პოეზიაც არსებობდა. ამან, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, უდავოდ უბიძგა მათ ვერსიფიკაციული ძიებისაკენ, რაც გამოიხატა ტრადიციული ქართული ლექსის ფორმისმიერი მახასიათებლის - რითმის უარყოფაში.

...

 

 
სარჩევი