ცნობებს ტკებნარის მონასტრის შესახებ გვაწვდის იერუსალიმის ბერძნულ მართლმადიდებლურ საპატრიარქოში დაცული ქართული ხელნაწერების კოლექციის N 132 ნუსხა (XIV-XV სს.), რომელიც შინაარსობრივად მთელი წლის თვენს წარმოადგენს. ხელნაწერი თავნაკლულია, იწყება გ~ რვეულით, შეიცავს 344 ფურცელს. რ. ბლეიკი ამ ხელნაწერს XV საუკუნეთი ათარიღებს და გადამწერის ანდერძზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ეს ნუსხა გადაწერილი ყოფილა ტკებნარის მონასტერში, გადამწერ მიქაელის მიერ, თუმცა რატომღაც არ მოჰყავს ამ გადამწერის საყურადღებო ანდერძის ტექსტი, რომელიც საშუალებას იძლევა ახალი მასალით გამდიდრდეს პალესტინის ქართული სამონასტრო კოლონიის ისტორია.
ხელნაწერის გადამწერის, მიქაელ ხუცესმონაზვნის დღემდე გამოუქვეყნებელი ორი ანდერძი წარმოდგენილია აღნიშნული ნუსხის 343rv–ზე. პირველი ანდერძი ხელნაწერის გადაწერის ამბავს გადმოგვცემს; მეორე ანდერძი კი, რომელიც უშუალოდ მოსდევს (იმავე სტრიქონიდან აგრძელებს) პირველს, ხელნაწერის შეწირვის ამბავს ასახავს. ამჯერად ჩვენ ყურადღებას შევაჩერებთ მხოლოდ მეორე ანდერძზე, რადგან სწორედ მასში ვხვდებით ცნობებს ჩვენთვის საინტერესო თემაზე.
მოვიყვანთ მიქაელის მეორე ანდერძის ტექსტს:
"სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და წმიდისა თ~ე მთავარმოწამისაჲთა, მე, გლახაკმან მიქაელ, შევსწირენ წმიდანი ესე წიგნნი მონასტერსა ტკებნარის დარსა, ეკლესიასა წმიდისა თ~ესსა სალოცველად სულისა ჩემისა და მშობელთა ჩემთა. აწ ვინცა რაჲცა მიზეზით(ა), რამანცა გუარმან კაცმან გამოაჴუას, კანონსამცა ქუეშე არს წმიდათა მამათასა, კრულმცა არს პირითა ღმრთისაჲთა და ნაწილიმცა მისი არს იუდას და თევდას და ყოველთა ღმრთისა უვარის მყოფელთა თანა" (მომსხო ნუსხურით, 343 rv).
...