ფსიქოლოგია

მ. სირბილაძე

ლინგვისტური უნარის ასაკობრივი ასპექტი

ლინგვისტური უნარის განვითარების საკითხების კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ასაკობრივი განვითარების პროცესის განხილვა, როგორც იმ რეალობისა, სადაც "ჩნდებიან" და ფორმირდებიან უნარები. ყველაზე უფრო გავრცელებული ახსნა ასაკობრივ ასპექტთან მიმართებაში მდგომარეობს იმაში, რომ არსებობს "კრიტიკული პერიოდი", რომლის განმავლობაში ტვინი უფრო მოქნილია და ენის სწავლა ბუნებრივად და ადვილად ხდება. მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, მიჩნეულია, რომ ეს პერიოდი მთავრდება პუბერტატის მახლობლად.

ასაკთან დაკავშირებული განსხვავებების ახსნა-განმარტებების ოთხი მთავარი ინტერპრეტაცია არის ცნობილი: სოციალურ-ფსიქოლოგიური, კოგნიტური, ნეიროლოგიური და შეთვისების. თუმცა მართებულიამკვლევართა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მოითხოვენ დაზუსტებას.

ლინგვისტური ნიჭი, როგორც სპეციფიკური ფსიქოლოგიური თავისებურება, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია არა მხოლოდ ფორმალურ სიტუაციაში (როგორც ამას კრეშენი ფიქრობს), არამედ ნებისმიერ სიტუაციაში. ამიტომ აღნიშნული უნარის კვლევა ასაკობრივი დინამიკის პლანში საყურადღებოდ უნდა ჩაითვალოს.

ჩვენს მიერ წარმოებული ექსპერიმენტების შედეგები ცხადყოფენ, რომ ლინგვისტური ნიჭის სპეციფიკური კომპონენტის – სიტყვის ბგერით მხარესა და მნიშვნელობას შორის შესატყვისობის განცდის უნარის – გამოვლინება უმცროს სასკოლო ასაკში კანონზომიერ ხასიათს ატარებს. აღნიშნული უნარი კორელაციაშია ლინგვისტურ მეხსიერებასთან, ვითარდება ასაკის მომატებასთან ერთად., რასაც ჩვენ ვუკავშირებთ მეტალინგვისტური ანუ ობიექტივაციის უნარის განვითარებას. ხოლო ის მომენტი, რომ კორელაცია სიტყვების გამოცნობის სისწორესა და მნემურ ეფექტს შორის ყველაზე მაღალია I კლასში, უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მნემური კომპონენტის მონაწილეობა ექვსწლიანებთან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მომდევნო ასაკობრივ თანმიმდევრობაში.

 

ს.-ს. ორბელიანის სახ. თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტი
სარჩევი