კულტურა

ჯ. ქორიძე

კოლაჟისა და ასამბლაჟის ისტორიიდან

ხელოვნების ხალხისთვის მე-20 საუკუნე ხუთი წლით გვიან დაიწყო. 1901-1906 წლებში რამდენიმე მნიშვნელოვანმა გამოფენამ პარიზში ვან გოგის, გოგენის და სეზანის ნამუშევრებით, კარგა ხნის წინ მხატვრობისაგან განზე გამდგარი ხელოვნების მოყვარულნი მიიზიდა, ამ ოსტატების ხელოვნება მიიღო ფართო საზოგადოებამ. აქედან მოდერნიზმის აღმასვლა იწყება. აღმასვლის ფაქტს ამერიკელი ხელოვნების თეორეტიკოსი ჰ.ვ. ჯენსონიც ადასტურებს, რომლის წიგნი "ხელოვნების ისტორია" მნიშვნელოვან სახელმძღვანელოდ ითვლება: რაც "მოდერნიზმის ერა" დაიწყო,-წერს ის, დასავლური სამყარო, თუ არადასავლური პრობლემის წინაშე დადგა, რადგან გლობალურების ტენდენცია დამკვიდრდა. "ასეთ ვითარებაში ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ სამი ძირითადი აზროვნების ფორმა: ექსპრესიული, აბსტრაქტული და ფანტაზიაზე დამყარებული; პირველი- მხატვრის ემოციური დამოკიდებულებაა გარესამყაროს მიმართ, მეორე- არის ნაწარმოების ფორმისეული სტრუქტურა და მესამე- ყოფიერების ისეთი წარმოსახვა, რომელიც ირაციონალიზმზეა დამყარებული". წიგნის პირველი გამოცემა 1962 წელს შედგა, ხოლო მომდევნო ოთხ წელიწადში ცხრაჯერ გამოიცა. გეოგრაფიულად მრავალმხრივ, მთელი მსოფლიოს ხელოვნების ისტორიას ჯენსონი ევროპული პოსტიმპრესიონიზმის მიმოხილვით ასრულებს. მოდერნიზმის შესახებ სრულ სახელოვნებო სახელმძღვანელოს ბრიტანელი თეორეტიკოსი ტრევინ კოპელსტოუნი ქმნის. წიგნში ის აღწერს ყველა იმ მიმართულებასა და ნაკადს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს მოდერნიზმის განვითარებას. შემდეგ, დახასიათებულია აბსტაქციონიზმი, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი, კოლაჟი, თავისი სამგანზომილებიანი ექვივალენტებით - პოპ-არტით, ასამბლაჟითა და ობიექტით, რაც ჩვენ მთავარ ინტერესს შეადგენს...

ხელოვნების ხალხი ომებს და მათ შედეგებს ძალიან მტკივნეულად განიცდის. ისინი თვლიან, რომ მთელმა სამყარომ მათ უღალატა, ამიტომ უჩნდებათ საჭიროება იმისა, რომ ბრძოლა გამოუცხადონ მას. ასე რომ, პირველმა მსოფლიო ომმა დაბადა "დადა", რომელმაც, როგორც ერთიანმა ნაკადმა ცოტა ხანი იარსება, მაგრამ მომდევნო ათწლეულებში არაერთ მიმართულებას დააჩნია კვალი.

"დადაიზმი" მიუნხენში წარმოიშვა 1916 წელს, ის ინტერნაციონალურ ბოჰემას აერთიანებდა, თავისი ხასიათით კი სოციალურ-ფსიქოლოგიური მიმართულება იყო. პირველი შეხვედრა "ვოლტერის კლუბში" ჩატარდა. მისი მეთაური ტრისტან ტზარა 1918 წელს გამოქვეყნებულ მანიფესტში წერდა: -ლარუსის ენციკლოპედიაში ვნახეთო, რომ კრუს ხალხი "დადას" ძროხის კუდს უძახის; იტალიის ზოგ რეგიონში ასე დედას უძახიან; რუსულ და რუმინულ ენებში ბავშვის სათამაშო ხის ცხენს უწოდებენ. ასე თუ ისე, "დადა" თავიდანვე გააიგივეს ბავშვის იმპულსურ მოქმედებასთან. "კლუბ ვოლტერის" გარშემო გაერთიანდნენ გერმანელი მხატვრები ჰანს არპი, ჰუგო ბალა, ინტერესი გამოიჩინეს პაბლო პიკასომ და ვასილი კანდინსკიმ. მათ მიემხრნენ ლუი არაგონი, პოლ ელუარი, ანდრე ბრეტონი; ხოლო ამერიკიდან ჩამოსული მხატვრებიდან: მარსელ დუშანი, ფრენსის პიკაბია და მენ რეი.

მე-20 საუკუნის ხელოვნების ისტორიაში მრავალი სკანდალური ისტორიაა, თუმცა "დადაისტებმა" ყველას და ყველაფერს გადააჭარბეს: "ქიმიური", "ტანვარჯიშული" თუ "სტატიკური" საღამოები, სადაც პოეტები გაუგებარ სიტყვებს ყვიროდნენ; გამოფენები ტილოზე დაკრული გაზეთების და ღრუბლის ნაგლეჯებით, საკვამური მილებით, ბოთლების სარეცხი მანქანებით, ან სხვა მზა ნაწარმის გამოყენებით ტარდებოდა. პუბლიკის რეაქცია სტვენა, ყვირილი, კვერცხების სროლა იყო... დადაისტები სწორედ იმას ცდილობდნენ, რომ ყურადღება აბსურდულობით მიექციათ. ყველაზე "სენსაციური" გამოფენა კელნში 1920 წელს მოეწყო. ერთ-ერთი გაზეთის ავტორი იუნე დამაჯერებლად აღწერს ამ გამოფენას: "დარბაზში რომ შესულიყავი, მამაკაცთა ტუალეტში უნდა გაგევლო. დარბაზის შუაგულში ბიბლიურ სამოსში გამოწყობილი გოგონა უწმაწურ ლექსებს კითხულობდა; კუთხეში იდგა ბაარგელდის ნამუშევარი "ფლუიდო- სპექტრიკი", - ეს იყო აკვარიუმი, ძირში წითელი ზეთის საღებავის ფენებით, რომელშიც მაღვიძარა საათი, თმის კულულები და ხისგან გამოთლილი ლამაზი ხელი დაცურავდა. აკვარიუმის გვერდით მაქს ერნსტის მიერ მაგარი მასალისგან გამოთლილი ობიექტი იდგა, რომელსაც გვერდზე ნაჯახი ჰქონდა მიბმული. ხის დაპობის მსურველებს შეეძლოთ საკუთარი თავი გამოეცადათ და შეგრძნება მიეღოთ". კელნის გამოფენაში "დადას" მახასიათებლები გამოჩნდა: ესთეტიზმის ნიველირება, აბსურდი, ქაოტურობა, ყველაფერი, რაც გონიერებას გამორიცხავს; აგრეთვე რელიგიის, რწმენის, მორალის და ეთიკის უარყოფა. ეს სწორედ ის სკანდალი იყო, რომლითაც "დადა" შემდგომაც განაგრძობდა გამოფენებს. "დადას" სკანდალებს "ასაფეთქებელი ყუმბარის" ძალა ჰქონდა ოფიციალური იდეოლოგიის წინააღმდეგ. მათი პროტესტი ანტიბურჟუაზიული ბუნტი იყო. ასე ხალხის მოზიდვა უფრო ადვილი იყო, ვიდრე მ. დუშანის მიერ პარიზის სადღესასწაულო სასახლეში "მონა ლიზას" ფერადი რეპროდუქციის გამოფენა, რომელსაც დიდი ულვაშები ჰქონდა მიხატული, ან პიკაბიას "წმინდა ქალწული", რომელიც ტილოზე გადმოღვრილი მელნის ლაქა იყო, სხვა არაფერი. "დადას" წარმომადგენლებიდან ყველაზე ტიპიურია ფრენსის პიკაბია. მისი ნამუშევრები ტექნიკურ ნახაზებს მოგვაგონებს; მანქანების ნაწილების აბსურდული ჩანახატები ერწყმის აბსტრაქტულ ფორმებს და მათში ჩართულ ნაწერებს: "სასიყვარულო პარადი" (1917), "ბავშვი კარბურატორი" (1919), "კანიბალიზმი" (1919). აბსტრაქციისაკენ სწრაფვა ყველაზე მეტად გამოხატულია ჰანს არპის შემოქმედებაში ფერადი აპლიკაციებით მუყაოზე და ხეზე. შემდეგ ის აბსტრაქტულ სკულპტურაზე გადავიდა. ყოველგვარ სიუჟეტურ დატვირთვას იყო მოკლებული მარსელ დუშანის შემოქმედებაც. ის ითვლებოდა ყველაზე დიდ "გამომგონებლად". გრანდიოზული გამოფენის გახსნაზე 1965 წელს, მან თქვა: "მე ყოველთვის ვესწრაფოდი რაღაც გამომეგონებინა, იმის ნაცვლად, რომ ჩემი შინაგანი სამყარო გამომზეურებინა.". მან დაიწყო Ready Made -ების გამოფენა, რომლებიც წარმოადგენდა მზა საყოფაცხოვრებო საგნებს: ზოგი, თითქოს მაღაზიის თაროდან იყო გადმოსული, ზოგიც კომბინირებული: ველოსიპედის ბორბალი დამაგრებული ხის უზურგო სკამზე (1914); მეტალის გალია, რომელშიც დახერხილი მარმარილოს კუბიკები ეყარა, შიგ ჩარჭობილი თერმომეტრით (1921). მას ძალიან ინტრიგული სათაური ჰქონდა: "რატომ არ აცემინებს ცხვირს როზე სელავი?" ეს დუშანის "დადაისტური" სახელი იყო, ასე უძახდა თავის თავს. დუშანის "Ready Made" იყო მცდელობა ხელოვნებიდან გასვლისა, მეორეს მხრივ, ის წარმოებას რთავდა საქმეში. "ვის შეუძლია უფრო კარგად გააკეთოს ეს ჭანჭიკი? გვითხარი, რომ თქვენ შეგიძლიათ, და გვაჩვენეთ კიდეც!". განსაკუთრებული მცდელობით გამოირჩეოდა კურტ შვიტერსი მოცულობითი ხასიათის "მერცებით". მისი კოლაჟები ხეზე დამაგრებული ტრამვაის ბილეთებით, თმის კულულებით, ბავშვის სათამაშოებით, ნახმარი ფეხსაცმლით, ქალის კორსეტებით იყო გაფორმებული. ზოგიერთი ‘მონუმენტის" მოძრაობაში მოყვანა შეიძლებოდა, ზოგიც ხმას გამოსცემდა. "დადაიზმის რედი მეიდებმა, ისევე როგორც სხვა მოდერნისტულმა მიმართულებებმა დაანგრიეს ხელოვნების ტრადიციული ესთეტიკა და საზოგადოებრივი აზროვნება წაიყვანეს "საგნების კეთებისაკენ". თეორეტიკოსთა ერთი ნაკადი თვლის, რომ "კოლაჟი" დადას გამონაგონი არ არის".

...

 

გ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტი
სარჩევი