VI ს. მნიშვნელოვანი ეტაპია ბიზანტიისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ურთიერთობათა ისტორიაში. ამ დროს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი აქტიურად ჩაერთო ბიზანტიური სამყაროს სისტემაში, რაც მეტ-ნაკლები ინტენსივობით აისახა საქართველოს შავიზღვისპირეთის სამხედრო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში. თავის მხრივ, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ბიზანტიის იმპერიის გეოსტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ სივრცეში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა.