ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

ნ. ახმეტელი, ბ. ლორთქიფანიძე

მტკვარ-არაქსის კულტურაში ინდოევროპული ეთნოსის მონაწილეობის საკითხისათვის

(არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით)

ადრებრინჯაოს ხანაში ამიერკავკასიაში ჩამოყალიბდა მტკვარ-არაქსის კულტურა, რომელმაც თავისი განვითარების პერიოდში საკმაოდ დიდი ტერიტორია მოიცვა ჩრდილო-აღმოსავლეთი კავკასიის, აღმოსავლეთი ანატოლიისა და ჩრდილო-დასავლეთი ირანის ჩათვლით. ამ კულტურის შიგნით მეცნიერები გამოყოფენ რამდენიმე ლოკალურ ვარიანტს.

აზრთა სხვადასხვაობა არსებობს მტკვარ-არაქსის კულტურის მტარებელი მოსახლეობის ეთნიკური კუთვნილების შესახებ. მეცნიერები მტკვარ-არაქსულ ერთობაში გულისხმობენ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს, ქართველურ და ხურიტულ ეთნოსებს, ქართველურისა და ხურიტულის გვერდით ინდოევროპულ ეთნოსსაც.

ავტორი განიხილავს მტკვარ-არაქსის კულტურაში ინდოევროპული ეთნოსის მონაწილეობის დამახასიათებელ ნიშნებს და აღნიშნავს, რომ ბორბლიანი ტრანსპორტის, ცხენისა და ყორღანის არსებობა ამიერკავკასიაში იწყება აღნიშნული კულტურის ფინალური სტადიიდან და უკავშირდება თვისობრივად ახალ კულტურათა გავრცელებას (ადრეყორღანულს, ბედენურს და თრიალეთურს). ამასთან ერთად მითითებულ სიახლეთა შემოღწევა ყოველთვის სამხრეთიდან არ ხდება. თუ სავარაუდოა ბორბლიანი ტრანსპორტის სამხრეთიდან გავრცელება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ მისი როგორც ინდოევროპელთა დამახასიათებელი ნიშნის განხილვაზე, რადგან უძველესი საზიდრები ცნობილია შუამდინარეთიდან, ხოლო ყორღანული სამარხები ჩრდილოეთოდან ჩანს შემოსული, ცხენი კი ამიერკავკასიაში II ათასწლეულის II ნახევრიდან ვრცელდება და ამ დროისთვის იგი ფართოდ გამოიყენება როგორც მის ჩრდილოეთით, ისე სამხრეთით. ცხენი და ყორღანული სამარხები ჩრდილოეთში IV ათასწლეულის II ნახევრიდან ჩანს გავრცელებული, რაც გამორიცხავს მათ შემოღწევას მცირე აზიიდან ამიერკავკასიის გავლით.

ამიტომ მტკვარ-არაქსის კულტურის ფორმირებაში ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებით ინდოევროპული ეთნოსის მონაწილეობა ავტორს მართებულად არ მიაჩნია. თუკი მითითებულ ნიშნებს ინდოევროპელთა დამახასიათებელ ატრიბუტებად მივიჩნევთ, მაშინ ამიერკავკასიაში მათი გამოჩენა სავარაუდოა უფრო გვიან, მტკარ-არაქსის კულტურის მომდევნო ეტაპზე და ისიც, არა მხოლოდ სამხრეთიდან, არამედ ჩრდილოეთიდანაც, მას შემდეგ, რაც წინარეინდოევროპული ერთობა უკვე დაიშალა, მიუხედავად მისი პირველსაცხოვრისის ლოკალიზაციისა.

 

ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი
სარცევი