1920-იან წლებში ქართულ თეატრში მოვიდა ახალგაზრდა მხატვრების პლეადა: ი. გამრეკელი, დ. კაკაბაძე, პ. ოცხელი, ე. ახვლედიანი. ამ დროიდან ქართული სცენოგრაფია მსოფლიო თეატრალური ხელოვნების სრულუფლებიანი კომპონენტი გახდა.
20-იანი წლების ქართულ თეატრალურ-დეკორაციულ ხელოვნებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ტრადიციებით მდიდარმა რუსულმა და დასავლეთ ევროპულმა თეატრალურმა ხელოვნებამ. განსაკუთრებით რუსეთის რევოლუციურმა ხელოვნებამ, რომელიც ახალ ორიგინალურ იდეებს იყენებდა და გაფორმების სპეციფიურ გამომხატველობით საშუალებებს მიმართავდა. ამის ნათელი მაგალითია, კ. მარჯანიშვილის რეჟისორობით შექმნილი კ. კალაძის პიესა "როგორ?", რომლის მხატვრული გაფორმება რეჟისორმა ახალგაზრდა მხატვარ ე. ახვლედიანს მიანდო. პიესის სიუჟეტი კინემატოგრაფიული სისწრაფით ვითარდებოდა და სცენოგრაფს რთული სივრცით-გამომხატველობითი პრობლემის წინაშე აყენებდა, რომელიც ე. ახვლედიანმა პროექციული საშუალებების გამოყენებით გადაწყვიტა. სცენის გაფორმების მთავარი კომპონენტი იყო ეკრანი, რომელიც აფართოვებდა სცენური სივრცის საზღვრებს, ხელს უწყობდა მოქმედების ადგილის სწრაფ ცვლას, ათავისუფლებდა სცენურ სივრცეს საინტერესო და გამომხატველობითი მიზანსცენების შესაქმნელად. კულმინაციურ მომენტებში ეკრანზე ჩნდებოდა კინოკადრები, რომლებიც ორგანულად ერწყმოდნენ მსახიობების მოქმედებებს და აძლიერებდნენ პიესის იდეის გავლენას მაყურებელზე.
ე. ახვლედიანმა უარი თქვა ინტერიერის კონკრეტულ ყოფით ელემენტებზე. მხატვარმა გამოიყენა პირობითი, ორიგინალური საშუალებები კონტრასტული თეთრი კონტურების სახით შავ ფონზე. გაფორმების ცალკეულ დეტალებს ჰქონდა აზრობრივი და ფუნქციონალური დანიშნულება და ქმნიდნენ მოქმედების კონკრეტული ადგილის სრულ შთაბეჭდილებას.
სპექტაკლში მოხდა სინთეზი ტრადიციული და ნოვატორული გამომხატველობითი საშუალებების და "როგორ?" გახდა ახალი ეტაპი ქართული თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების განვითარების ისტორიაში. ორიგინალური მეთოდები და მხატვრული გაფორმების საშუალებები, რომლებიც ე. ახვლედიანმა გამოიყენა ამ სპექტაკლში შემდგომში ქართველი სცენოგრაფების მიერ გამოიყენებოდა თავიანთ შემოქმედებაში.