კულტურა

ნ. ჩიქოვანი

საქართველო ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე ფართო გავრცელება ჰპოვა თვალსაზრისმა, რომლის თანახმად, მომავალი მსოფლიო წესრიგის განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება ცივილიზაციათა ურთიერთობა. ამასთან დაკავშირებით, ცივილიზაციური იდენტურობის პრობლემამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა იმ ქვეყნებისა და ხალხებისათვის, რომლებიც არ არიან მკაფიოდ ინტეგრირებული ამა თუ იმ ცივილიზაციურ ერთობაში. მათ რიცხვს მიეკუთვნება საქართველოც.

საქართველოს ცივილიზაციური კუთვნილების საკითხის გარკვევისათვის საჭიროა როგორც თანამედროვე საქართველოს ცივილიზაციური პარამეტრების, ისე მათი ისტორიული დინამიკის შესწავლა.

თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში შემოთავაზებულია საქართველოს ცივილიზაციური იდენტურობის ხუთი ძირითადი ვერსია:

  1. საქართველო – ხმელთაშუაზღვისპირული ცივილიზაციური ერთობის ბალკანურ-კავკასიური ტიპი. ეს თვალსაზრისი ემყარება ქართული კულტურის ფსიქოლოგიურ მახასიათებელთა შედარებით ანალიზს.
  2. საქართველო – მარგინალური ცივილიზაციათაშორისი ზონა, საკონტაქტო სივრცე, გამყოფი მიჯნა. ასეა წარმოდგენილი საქართველო და მთელი კავკასია ს. ჰანთინგტონის ცნობილ წიგნში, რომელმაც ბიძგი მისცა ალტერნატულ ვერსიათა ძიებას, მათ შორის, “მშვიდობიანი კავკასიისა” და “კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგის” ინიციატივებს.
  3. საქართველო – კავკასიური სუბცივილიზაციის ნაწილი, განვითარების რამდენიმე პერსპექტივით. მკვლევართა ნაწილი ამ ერთობას სასაზღვრო ცივილიზაციად (სუბცივილიზაციად) განიხილავს.
  4. საქართველო – აღმოსავლეთქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი. ამ შემთხვევაში ძირითად პარამეტრად რელიგიური ფაქტორია მიჩნეული. ამავე თვალსაზრისის ფარგლებში შეიძლება განვიხილოთ საქართველოს გააზრება ევრაზიული ცივილიზაციის ნაწილად.
  5. საქართველო – დასავლური (ევროპული) ცივილიზაციის ნაწილი. ეს ვერსიაც ცივილიზაციური კუთვნილების არგუმენტს ემყარება.

ამრიგად, საქართველოს ცივილიზაციური იდენტურობის პრობლემა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს მკვლევართა შორის. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მუდამ წარმოადგენდა დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციათა კონტაქტის ზონას, გზაჯვარედინს, რის გამოც მისი ცივილიზაციური კუთვნილება, ისევე როგორც ცივილიზაციური გარემოცვა, მკაფიობითა და მდგრადობით არ გამოირჩევა.

 

ივ. ჯავახიშვილი სახ. თბილისის უნივერსიტეტი
სარცევი