კულტურა

მ. მშვილდაძე

საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული რამდენიმე გემა საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკიდან

ნაშრომში განხილულია საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცული რამდენიმე გემა, ნაპოვნი საქართველოს ტერიტორიაზე (ძირითადად ურბნისი) და გაურკვევლი წარმომავლობის ინტალიო. მათი შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ:

  1. კამეო სამფერი (თეთრი, ყვითელი, თეთრი) ქალცედონისა, მამაკაცის თავის, ორი ქალის თავისა და არწივის თავის გამოსახულებით, ჩვენი აზრით, მცირეაზიული წარმომავლობის უნდა იყოს. იგი უნდა წარმოადგენდეს ან რომის სახელმწიფოს სიმბოლურ გამოსახულებას, რომელზეც კაპიტოლიუმის ღვთაებებთან ერთად წარმოდგენილია იმპერიის ძლიერების სიმბოლო – არწივი – იუპიტერის თანამგზავრი, ან რომის რომელიმე პროვინციის მმართველისა და მისი ოჯახის წევრების გაღმერთებულ გამოსახულებას. ჩვენ ამ შემთხვევაში პირველი ვერსიისკენ ვიხრებით. ვფიქრობთ, კამეო შემდგომ კვლევას საჭიროებს.
  2. ინტალიო ოვალური ფორმის სარდიონისა, ვენუს ვიქტრიქსის გამოსახულებით, სტილისტური თავისებურებებისა და ამოჭრის ტექნიკის მიხედვით, შეგვიძლია ახ.წ. II ს. დავათარიღოთ.
  3. საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკის დავთარში ფარშევანგის სახელით გატარებული ინტალიო, ოვალური ფორმის, ოქროს ბეჭედში, წარმოადგენს კრევეტის გამოსახულებას. ინტალიო შეგვიძლია ახ.წ. II-III ს.ს. დავათარიღოთ, ხოლო ბეჭედი ახ.წ. III-IV ს.ს.
    როგორც ვენუს ვიქტრიქსის, ისე კრევეტის გამოსახულებიანი ინტალიოები არ არიან ამოვარდნილნი ურბნისის ნაქალაქარზე დაფიქსირებული გლიპტიკური ძეგლების საერთო სურათიდან. ორივე ინტალიოზე გამოსახულებები საკმაოდ სქემატურად არის შესრულებულნი.
  4. ლომის გამოსახულებიანი ინტალიო წარმოადგენს სასანურ გემას, რომელიც შესრულებულია ე.წ. “შტრიხული მანერით” და განეკუთვნება ახ.წ. V საუკუნეს.
  5. გაურკვეველი წარმომავლობის ინტალიო პეპელას გამოსახულებით, კარგი ნამუშევარია, რომელიც ქვის ფორმისა და კვეთის მანერის მიხედვით, ძვ.წ. I –ახ.წ.I ს.ს. შეიძლება დათარიღდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განხილული მასალა მნიშვნელოვანია გვიანანტიკური და ადრეფეოდალური ურბნისის შესასწავლად, რის ნიადაგზეც ნათელი ხდება, რომ გვიანანტიკურ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა რომის იმპერიის ცენტრებთან, ხოლო ადრექრისტიანულ ხანაში შემოდის სასანური გემები, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ისტორიოგრაფიაში გაბატონებულ აზრს.

 

ივ. ჯავახიშვილი სახ. თბილისის უნივერსიტეტი
სარცევი