სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის რადიკალურ შენაცვლებას მოჰყვება მნიშვნელოვანი ძვრები კულტურულ პარადიგმასა და მთელ სემიოსფეროში. იცვლება საზოგადოების დამოკიდებულება ღირებულებებისადმი. "ახალი ადამიანის" ზნეობრივი კოდექსის დამუშავების პროცესში აღინიშნა შინაგანი თავისუფლების (ქრისტიანული "არჩევანის თავისუფლების" ანალოგის) გადააზრების მცდელობა. თავისუფალი სიყვარულის უფლებისა და ქორწინების ინსტიტუტის საზოგადოებრივი ფუნქციის საკითხები სერიოზული დისკუსიების საგნად იქცა თვით სამთავრობო დონეზეც. იმდროინდელ მწერლობასა და კრიტიკაში აისახა საზოგადოებრივი აზრის დამოკიდებულება ამ დისკუსიებისადმი. მეცნიერულმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ მიუხედავად ერთგვარი რეაქციისა, რუსული და ქართული საზოგადოებრივი აზრის მიდგომა პრობლემისადმი მაინც განსხვავდებოდა: რუსული საზოგადოებისათვის ძირითად ბინარულ ოპოზოციებში (სიკეთე-ბოროტება, სათნოება-ცოდვა) რაიმე ცვლილებების შეტანა მიუღებელი აღმოჩნდა, ქართული კულტურისათვის ამ პრობლემის განხილვაც კი შეუძლებელი იყო.
ემოციური შეფასებების სფეროს აკონტროლებს ე.წ. "საზოგადოებრივი ქვეცნობიერება". ყოფაქცევის ამა თუ იმ ნორმების საზოგადოების მიერ ლეგიტიმიზაციის პროცესში ობიექტური კრიტერიუმების ფუნქციას მითოლოგიური არქეტიპები ახორციელებენ. საბჭოთა ადამიანის ზნეობრივი კოდექსის დასრულებულ ფორმაში აშკარად ვლინდება მეშვიდე მცნებაში დაფიქსირებული და ახალ აღთქმაში განმარტებული მართლმადიდებლური ქრისტიანული არქეტიპის მემკვიდრეობითი ტრანსფორმაციის ნიშნები. Mმითის ქმნადობის პროცესები მიმდინარეობენ ქვეცნობიერ დონეზე და მკვიდრდებიან ტრადიციის სახით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სხვაობა აიხსნება თვით ტრადიციის არსებობის ხანგრძლივობით.
საკითხის სრულყოფილი გამოკვლევა პრობლემის ისტორიის გადააზრებას მოითხოვს. ჩვენი აზრით, მისი შესწავლა არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ მარქსისტული ანალიზის ტრადიციით. აუცილებელია აგრეთვე XIX ს პირველი ნახევრის - XX ს დასაწყისის ზოგადევროპული კულტურული პროცესების გათვალისწინებაც: ევროპული კულტურის განვითარებაზე ფრანგულ კათოლიციზმში გაჩენილი ე.წ. "ოკულტური აღორძინების" მოვლენის გავლენისა; "ეროტიული გათავისუფლების", როგორც ანდროგინატის მისაღწევი საშუალების ეზოთერული იდეისა და სხვა.
მიუხედავად ფორმების მრავალფეროვნებისა, ყველა ეზოთერულ დოქტრინას საფუძვლად უდევს "უმაღლესი ცოდნისადმი" მისწრაფება, რომელიც უახლოვდება "ლუციფერიზმის იდეას". იგი მასის აღქმაში "სატანიზმისაგან" არაფრით განსხვავდებოდა. ვინაიდან, ნებისმიერი ეზოთერული აზრი მჭიდროდ არის დამოკიდებული სექსუალურ მაგიასთან, სექსუალური გათავისუფლების იდეაც ასოციირდებოდა "სიკეთე – ბოროტების", ანუ "სათნოება – ცოდვის" გაგებასთან, რაც მისი დაშვება – აკრძალვის პრობლემის ემოციურ შეფასებაზე ვრცელდებოდა და გამოვლინდა ამ პრობლემისადმი საზოგადოებრივ დამოკიდებულებაშიც.