მართმადიდებლური ეკლესიის წმინდანის ქეთევან დედოფლის ღვაწლი აისახა ქრისტიანული კულტურის ქართულ, რუსულ, ბერძნულ, სომხურ, იტალიურ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, სლოვაკურ, ესპანურ, პორტუგალიურ საარქივო მასალებში, ლიტერატურულ ძეგლებსა და ხელოვნების დარგებში.
ქართულ მწერლობაში ჩვენ მიერ თავმოყრილი და გაანალიზებული იქნა 17 ქართველი ავტორის 22 ლიტერატურული ძეგლი, მათგან ანტონ I-ის ჰიმნოგრაფიული თხზულება (1464) პირველადაა განხილული.
ქეთევან დედოფალთან დაკავშირებული მასალისადმი, როგორც ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობისადმი, მიდგომამ გამოავლინა პრობლემის შესწავლის რამოდენიმე მხარე: რელიგიური ასპექტით იგი უკავშირდება მაჰმადიანური და ქრისტიანული სარწმუნოების უკიდურეს დაძაბულობას, ასევე, მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების დამოკიდებულების საკითხს, კერძოდ, კანონიზაციასთან დაკავშირებულ, დასავლური და აღმოსავლური, ეკლესიების ძირითადი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ქეთევან დედოფლის წმინდანად შერაცხვის აქტუალობას არა მარტო ქართული, არამედ მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის; პოლიტიკური თვალსაზრისით იგი ეხება XVII ს. დასაწყისში საქართველოს ადგილისა და როლის საკითხს გეოპოლიტიკურ სივრცეში და მასთან დაკავშირებით ქეთევან დედოფლის, როგორც ისტორიული პირის წარმოჩენას; ხელოვნების დარგებში ქეთევანის სახის წარმოდგენამ გამოავლინა ის პრობლემები, რომლებიც რელიგიურ-პოლიტიკურ საფუძველზე არიან წარმოქმნილი. კერძოდ, დასავლურ საქრისტიანოში უმართებულოდ გადაიჭრა მართლმადიდებელ წმინდანად შერაცხული ქართველი დედოფლის პიროვნების საკითხი, რაც ეწინააღმდეგება არა მარტო ისტორიულ სინამდვილეს, არამედ აკნინებს ლიტერატურულ ძეგლთა მხატვრულ მხარეს. მაგრამ თვით ფაქტი ქეთევან დედოფლის წარმოჩენისა მაღალგანვითარებულ დასავლეთ ევროპულ კულტურაში მეტად აქტუალურად გვესახება.