მაცხოვრის მოვლინება ქვეყნად კაცობრიული ისტორიის ყველაზე საკრალური ფაქტია. ამიტომაა, რომ ქრისტეშობის ოცსაუკუნოვანი იუბილე ყოველ ქრისტიან ერში და, რა თქმა უნდა, ქართველ ერშიც აღძრავს ამაღლებულ გრძნობას. 2000 წელს ყველა ქართველი, ერი თუ ბერი, ცდილობდა შეძლებისდაგვარად პატივი მიეგო ამ უბრწყინვალესი თარიღისათვის. სწორედ ამ სულისკვეთების გამოვლენა იყო საერთაშორისო სიმპოზიუმი "ქრისტიანობა: წარსული, აწმყო, მომავალი", რომელიც საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის და არასამთავრობო ორგანიზაცია - ფონდ "უდაბნოს" თაოსნობით ჩატარდა 2000 წლის 11-17 ოქტომბერს თბილისში. სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტმა სამეცნიერო წრეებს შესთავაზა განეხილა სამი გლობალური პრობლემა: ქრისტიანობა და სახელმწიფო, ქრისტიანობა და საზოგადოება, ქრისტიანობა და კულტურა. ამ თემატიკამ მეცნიერებს შორის ფართო გამოხმაურება ჰპოვა. მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, გერმანიის, იუგოსლავიის, ლატვიის, რუსეთის, საქართველოს, სლოვენიის, სომხეთის, უკრაინის 49 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 153 სპეციალისტმა. საბოლოოდ სიმპოზიუმის სექციებში 113 მოხსენება იქნა წარმოდგენილი. თავი მოიყარა მრავალი დისციპლინის (ისტორიული, ისტორიოგრაფიული, წყაროთმცოდნეობითი, ეთნოლოგიური, ლიტერატურათმცოდნეობითი, სამართალმცოდნეობითი, მეცნიერებათმცოდნეობითი, ხელოვნებათმცოდნეობითი, ფილოსოფიური და სხვა დარგების) მასალამ, რამაც საშუალება მისცა სიმპოზიუმის მონაწილეებს საკითხები უფართოეს კონტექსტში განეხილათ. წარმოდგენილ მოხსენებათა მოკლე შინაარსები გამოსაცემად მომზადდა მარიამ ჩხარტიშვილისა და ლადო მირიანაშვილის რედაქტორობით და დაიბეჭდა სიმპოზიუმის სამივე სამუშაო ენაზე - ქართულად, ინგლისურად, რუსულად.
პირველი პლენარული სხდომა ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოში. იგი გახსნა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. მან აკურთხა სიმპოზიუმი და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა მის მონაწილეებსა და სტუმრებს. სიმპოზიუმს მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის მნიშვნელობაზე მთელი ქართული საზოგადოებისათვის. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა აკადემიკოსმა დავით მუსხელიშვილმა თავისი გამოსვლა მიუძღვნა ქართველი ერის ისტორიაში ქრისტიანობის უდიდესი როლის წარმოჩენას. არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდ "უდაბნოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსმა ლადო მირიანაშვილმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოსთან, ეკლესიასთან, სამეცნიერო ცენტრებთან არასამთავრობო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას, ისაუბრა ქართული ქრისტიანული კულტურის შესწავლის საქმეში ფონდ "უდაბნოს" მიერ ჩატარებულ სამუშაოზე. საორგანიზაციო კომიტეტის საქმიანობის, სიმპოზიუმის მიზნებისა და განრიგის შესახებ ინფორმაცია გააკეთა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერ თანამშრომელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა მარიამ ჩხარტიშვილმა.
კოლეგებს მისალმებით მიმართეს სიმპოზიუმის მონაწილეებმა: დოქტორმა გოდულა კოსაკმა (ფილიპის სახელობის უნივერსიტეტი, მარბურგი, გერმანია), პროფესორმა მარკო კერშევანმა (ლუბლიანას უნივერსიტეტი, ლუბლიანა, სლოვენია) დოქტორმა ბრიგიტა შრადემ (თავისუფალი უნივერსიტეტის კულტურის ისტორიის ინსტიტუტი, ბერლინი, გერმანია). დამსწრე საზოგადოებას მიესალმა აგრეთვე სიმპოზიუმის სტუმარი არქიმანდრიტი დიონისე (ჯვართამაღლების ეკლესია, თებეს მონასტერი, საბერძნეთი).
პირველ პლენარულ სხდომაზე მთავარეპისკოპოსმა ანანია ჯაფარიძემ წაიკითხა მოხსენება "საქართველოს სამოციქულო ეკლესია მესამე ათასწლეულის ზღურბლთან", ხოლო პროფესორმა მიხეილ ქურდიანმა - მოხსენება "კვართი უფლისა და ქართული მესიანიზმი".
სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს საპატრიარქომ დამსწრე საზოგადოებისათვის გამართა მიღება. ამავე დღეს სიმპოზიუმის ორგანიზატორებმა მოაწყვეს პრესკონფერენცია.
ამის შემდგომ სიმპოზიუმმა მუშაობა განაგრძო ოთხ სექციაში:
14 ოქტომბერს სიმპოზიუმის მონაწილეები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაესწრნენ უფლის კვართისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას, დაათვალიერეს საქართველოს ძველი დედაქალაქის - მცხეთის ღირსშესანიშნაობანი. საღამოს მათთვის რიყეზე რესტორან "გურიაში" გაიმართა ბანკეტი.
15 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში სიმპოზიუმის მონაწილეთა ერთი ნაწილი საქართველოს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაესწრო საზეიმო საღამოს "ქრისტეშობა - 2000", ხოლო სხვები ეწვივნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. აქ მათ დაათვალიერეს დარგობრივი მუზეუმის ექსპოზიცია, რომელიც ასახავს ვაზის კულტურის ხანგრძლივ ისტორიას საქართველოში და მის თანამედროვე მდგომარეობას. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ცნობილი ქართული ღვინოების ნიმუშების დეგუსტაციაში.
16 ოქტომბერს სიმპოზიუმის მონაწილეებმა მოიხილეს ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს საფლავი ბოდბეში, წმ. დავითის, წმ. ლუკიანეს, წმ. დოდოს საფლავები გარეჯში. უკვე სიმპოზიუმის დასრულების შემდგომ, თბილისში შემორჩენილი უცხოელი მონაწილეები სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტის ინიციატივით ესტუმრნენ სამთავროს დედათა მონასტერს, მოიხილეს აგრეთვე წმინდა შიოს საფლავი შიომღვიმის მამათა მონასტერში. დღის მეორე ნახევარში ისინი ესტუმრნენ ქართველი მოქანდაკის და მხატვრის გურამ პაპინაშვილის სახელოსნოს, რომლის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბიბლიურ თემატიკას.
სიმპოზიუმმა მუშაობა დაასრულა მეორე პლენარულ სხდომაზე 17 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის შენობის სხდომათა დარბაზში. ანგარიშით წარსდგნენ სექციებში გამართულ სხდომათა თავმჯდომარეები: ნინო აბაკელია, სერგი ავალიანი, ელდარ ბუბულაშვილი, მარიამ კარბელაშვილი, გოჩა კუჭუხიძე, დავით ლომიტაშვილი, დოდო ლომიძე, კიტი მაჩაბელი, ნოდარ ნათაძე, მანანა სანაძე, ნესტან სულავა, ნინო ჩიქოვანი, მარიამ ჩხარტიშვილი, გურამ ყიფიანი, ნათია ჯალაბაძე, ოთარ ჯანელიძე, თემო ჯოჯუა.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ალექსანდრე დაუშვილმა შენიშნა, რომ კარგი იქნებოდა სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტს უაღრესად საინტერესო სამეცნიერო დისკუსიის პარალელურად კონფესიურად არაერთგვაროვან საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მრგვალ მაგიდასთან განხილვის საშუალებაც ჰქონოდა. აქ მეცნიერებთან ერთად საკუთარი ხედვის ჩამოყალიბების საშუალება მიეცემოდათ ფართო საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, მას-მედიას.აკადემიკოსმა დავით მუსხელიშვილმა ხაზი გაუსვა იმ გამოცდილების მნიშვნელობას, რომელიც დაგროვდა სიმპოზიუმის მუშაობის შედეგად სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მეცნიერების თანამშრომლობის პროცესში.
ლადო მირიანაშვილმა ყურადღება გაამახვილა მუცნიერული გამოკვლევების შედეგების პოპულარიზების მიზანშეწონილობაზე, აგრეთვე სახელმწიფოში რელიგიური ცხოვრების სამართლებრივი მოწესრიგების აუცილებლობაზე სწორედ მეცნიერთა რეკომენდაციების გათვალისწინებით.
მარიამ ჩხარტიშვილმა წამოაყენა წინადადება ქრისტიანობის პრობლემებზე მომუშავე მუდმივმოქმედი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის შექმნის თაობაზე.
აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო) აღნიშნა სიმპოზიუმზე წარმოდგენილ მოხსენებათა თემატიკის ფართო სპექტრი, თუმცა, გამოთქვა სურვილი ეს თემატიკა შევსებულიყო რამდენიმე სხვა პრობლემითაც, როგორიცაა, მაგალითად ეროვნული ანბანის წარმოშობისა და ქვეყნის გაქრისტიანების ფაქტების ურთიერთმიმართების საკითხი და სხვ.
პროფესორმა ელკა ბაკალოვამ (ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევების ინსტიტუტი, სოფია, ბულგარეთი) მოიწონა სიმპოზიუმის სახელწოდება, რომელიც მრავალი დარგის სპეციალისტების თავმოყრის საშუალებას იძლევა. ქებით მოიხსენია სიმპოზიუმის ორგანიზატორები სიმპოზიუმის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის.
პროფესორმა ნატალია პუშკარევამ (რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტი, მოსკოვი, რუსეთი) მხარი დაუჭირა ქრისტიანული კვლევების საერთაშორისო ცენტრის დაარსებას. მან კოლეგებს შესთავაზა რუსეთში გამართულ ანალოგიურ ღონისძიებაში მონაწილეობა.
საერთაშორისო სიმპოზიუმმა "ქრისტიანობა: წარსული, აწმყო, მომავალი" ცხადყო სპეციალისტთა თანამშრომლობის მიზანშეწონილობა ქრისტიანული კვლევების წარმატებით წარმართვისათვის.