XX და XXI ს.ს. მიჯნაზე მეტად აქტუალური გახდა ევრაზიული დერეფნის (აზია-კავკასია-ევროპა) ამოქმედების საკითხი, რაც ააღორძინებს და ახალ სიცოცხლეს შთაბერავს ძველთაგანვე ცნობილ "აბრეშუმის სავაჭრო გზას". დიდი აბრეშუმის გზა ისტორიულად იყო აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი არა მარტო ეკონომიკური, არამედ კულტურული ხიდიც. ამ გზის აღდგენა განაპირობებს სხვადასხვა ქვეყნების ხალხების ეკონომიკის აღმავლობასა და ურთიერთდაახლოებას, სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას, სუვერენობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებას.
აბრეშუმის დიდი გზა – ეს იყო ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავანო გზა, რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებთან აკავშირებდა. "აბრეშუმის გზა, ანუ როგორც კიდევ უწოდებენ "ოქროს აბრეშუმის გზა", იყო მსოფლიოს უდიდესი ცივილიზაციების: ჩინეთის, მონღოლეთის, ინდოეთის, საბერძნეთის, ბიზანტიის, ირანის, მესოპოტამიის, რომის ერთმანეთთან დამაკავშირებელი.