სწორედ ქართული ხელოვნების უნიკალურობითა და თვითმყოფადობით აიხსნება, როგორც ჩანს, ევროპელ მოგზაურთა ინტერესი ქართული კულტურის მიმართ. განაკუთრებით მრავალი კი მათ შორის ფრანგი მოღვაწეები – მოგზაურები თუ მკვლევარებია.
ფრანგ მოგზაურთა ინტერესი აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და კულტურის მიმართ არაერთ საუკუნეს მოითვლის. უკვე XVI - XVIII საუკუნეებიდანაა შემორჩენილი ცნობები მოგზაურთა მიერ მხოლოდ გავლით ნახულ საქართველოზე, რადგანაც ადრეულ პერიოდში სპარსეთსა და თურქეთს შორის განაწილებული, მუდმივად საბრძოლო მდგომარეობაში მყოფი საქართველო მოგზაურთა საგანგებო ინტერესს არ წარმოადგენდა. ისინი მიემართებოდნენ თურქეთსა ან სპარსეთისაკენ და ძალაუნებურად ხვდებოდნენ ომებით დაღლილ და გაპარტახებულ საქართველოს ტერიტორიზე. ამ ხანის მოგზაურთა ინტერესის სფერო ფართო იყო: პოლიტიკა, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ხალხური ადათ-წესები და სხვ. მაგალითად, ასე მოხვდა საქართველოში კომერციული ინტერესების გამო სპარსეთს გამგზავრებული, ყველასათვის კარგად ცნობილი შარდენი ან კიდევ, იგივე მიზნით ასევე სპარსეთს მივლინებული ტავერნიე. მათ და ამ დროის სხვა მოგზაურთა მიერ არ აღიწერებოდა საქართველო ცალკე, არამედ მხოლოდ თურქეთისა და ირანის კუთხით იყო დანახული.