პოლიტოლოგია

ჰ. კუპრაშვილი

სახელმწიფო მმართველობის ინფორმაციული უზრუნველყოფის ზოგიერთი ასპექტი

მასობრივი კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა საზოგადოების განვითარების პროცესებში, განსაკუთრებით დიდია მათი ზეგავლენა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მართვის საშუალებებსა და ხერხებზე. ა. ტოფლერის თქმით, ძალაუფლების ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტს დღეს წარმოადგენს ინფორმაცია, რომელიც საშუალებას იძლევა, ძალაუფლების რესურსების მინიმალური დანახარჯებით მიაღწიო დასახულ მიზანს; ადამიანები დაარწმუნო ამ მიზნებით მათ პირად დაინტერესებაში; მოწინააღმდეგეები მოკავშირეებად აქციო. ინფორმაციის ყოვლისშემძლეობაზე განსაკუთრებულ ყურადღებას გერმანული პოლიტოლოგიური სკოლაც ამახვილებს - ფლობდე მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნიშნავს, გქონდეს ძალაუფლება; შეგეძლოს მნიშვნელოვანი ინფორმაციის არამნიშვნელოვანისაგან გარჩევა - ნიშნავს იყო უფრო მეტი ძალაუფლების მპყრობელი; მნიშვნელოვანი ინფორმაციის საკუთარი რეჟისურით გავრცელების ან მისი მიჩუმათების შესაძლებლობა ნიშნავს ორმაგი ძალაუფლების ფლობას.

სოციალური სისტემის კომპონენტებს შორის, სისტემასა და მის გარემომცველ გარემოს შორის ინფორმაციის უწყვეტი ცირკულაცია მმართველობის აუცილებელი ატრიბუტია. სწორედ ინფორმაციული პროცესების წყალობით აქვს სისტემას უნარი განახორციელოს მიზანშეწონილი ურთიერთქმედება გარემომცველ პირობებთან, მოახდინოს საკუთარი კომპონენტების კოორდინაცია და სუბორდინაცია, მისცეს მათ მოძრაობას მიმართულება ისევე, როგორც თავისი თავის, როგორც ერთი მთლიანის, მოძრაობას დაპროგრამებული მიზნისაკენ.

მართვის პროცესის უწყვეტობას უზრუნველყოფს ინფორმაციის დინების უწყვეტობა. მართვის სუბიექტს იმიტომ შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს მართვის ქვეშ მყოფ სისტემაზე, რომ განუწყვეტლივ იღებს ინფორმაციას მისი მდგომარეობის შესახებ, ისევე, როგორც გარემოს მდგომარეობის შესახებ, დასახული მიზნისაკენ სისტემის დინებაში გადახრების შესახებ და ამ ინფორმაციებს გადააქცევს გადაწყვეტილებებად, გადასცემს მართვის ობიექტს, კორექტირებას უკეთებს მის ქცევას, უზრუნველყოფს დასახული პროგრამის შესრულებას.

მართვის პროცესში გამოყენებული ინფორმაციისადმი ძირითადი მოთხოვნებია - უტყუარობა და დამაჯერებლობა, სისრულე და სიზუსტე, სარგებლიანობა და სიახლე, ოპერატიულობა და აქტუალობა.

...

 

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი