XIX საუკუნე მრავალმხრივ მნიშვნელოვანი პერიოდია ქართული კულტურისათვის. საუკუნის დასაწყისის ლიტერატურაში ჯერ კიდევ გვხვდება ძველი ქართული ლიტერატურის მოტივები, დასავლეთევროპული და რუსული კლასიციზმისა და სენტიმენტალიზმის გავლენა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპული ლიტერატურული აზროვნება აღორძინების ხანის ქართულ მწერლობაშიც შეინიშნება. ისტორიული უბედობის გამო საქართველო დიდი ხნით იყო მოწყვეტილი ევროპულ ცივილიზაციას. კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ ოსმალეთმა ჩაკეტა წინა აზია და აღმოსავლეთის მხრიდან საქართველო სრულიად იზოლირებული აღმოჩნდა ევროპისაგან. თუმცა როგორც არაერთხელ იყო აღნიშნული, ევროპული კულტურის მკრთალი სხივი მაინც აღწევდა ჩვენში სხვა მხრიდან. ამასთან დაკავშირებით გვინდა გავიხსენოთ არტურ ლაისტის მოსაზრება ქართულ მწერლობაში ევროპული ნაკადის დამკვიდრებასთან დაკავშირებით. ლაისტის შეხედულების თანახმად დავით ბატონიშვილის ნაწარმოები "ახალი შიხი" რიჩარდსონის რომანების შთაბეჭდილებით შეიქმნა, რომლებსაც ბატონიშვილი რუსული თარგმანებით იცნობდა. "ეს თხზულება იმიტომ დავასახელე, - აგრძელებს ლაისტი - რომ მეჩვენებინა მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ქართულ ლიტერატურაში ევროპული ლიტერატურის დამკვიდრება".