სკოლის რეფორმის მოთხოვნის მიხედვით ცნობილია, რომ გამოიყო ელემენტარული სკოლა (I-VI კლასები), როგორც ცალკე კონცენტრი. დღის წესრიგში კი დადგა V-VI კლასების მოსწავლეთა აზროვნების თავისებურებების შესწავლა. ეს საკითხები სიღრმისეული შესწავლის საგნად ჯერჯერობით არ გამხდარა. ამდენად, მათი აქტუალობა უდავოა.
ჩვენ წინაშე დაისვა საკითხი – V-VI კლასის მოსწავლეების ინტელექტის დონე თუ რა მიმართებაშია IV კლასის მოსწავლეების ინტელექტის დონესთან. თუ აღმოჩნდება თვისობრივი სხვაობა მათ შორის, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ელემენტარული სკოლის ორი კონცენტრის შესახებ.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მიზნად დავისახეთ, პირველ რიგში გვეკვლია, თუ რა დონეზეა IV-VII კლასის ბავშვის დასკვნა-ანალოგიით. ამ მიზნით ავიღეთ “ფსიქოლოგიური ტესტების ალმანახში” მოცემული მასალა, რომელიც რუსი ეროვნების ბავშვებზე არის აპრობირებული. მასალა ქართულ ენაზე ვთარგმნეთ, შევამცირეთ რაოდენობა, 32-ის ნაცვლად ავიღეთ 12, მოცახდინეთ სიძნელის მიხედვით მათი რანჟირება და ასე შევქმენით ამ ტესტის ქართული ვარიანტი 9-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის ე.ი. ამ ტესტის მეშვეობით შევქმენით მინი ტესტი. ტესტის ავტორი ამ წიგნში მითითებული არ არის, მაგრამ ჩვენის აზრით ამ ტესტის პრინციპი აღებულია რ. ამტჰაუერის ტესტიდან.