არაენობრივი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის უცხოურ ენაზე ლაპარაკის სწავლებისას მასწავლებლის წინაშე დგას ისეთი ეფექტური მეთოდური ხერხების შექმნის ამოცანა, რომლებიც საშუალებას მისცემენ სტუდენტებს დროის მცირე მონაკვეთში შეარჩიონ ამ დარგის ძირითადი ტერმინოლოგია და მოხდეს მათი განმტკიცება. "ეს შესაძლებელია, თუ ტერმინოლოგია წარმოდგენილია იმ ზომით და იმ მოცულობით, რითაც ეს აუცილებელია საუბრისათვის, აგრეთვე თუ გათვალისწინებული იქნება სპეციალური ტერმინოლოგიის თავისებურებანი და სტუდენტთა შემეცნებითი საქმიანობა მისი დაუფლებისათვის". ერთ-ერთ ასეთ მეთოდურ საშუალებად მიგვაჩნია კომუნიკაციურობის პრინციპისა და მასთან დაკავშირებული როლებრივი თამაშების გამოყენება. კომუნიკაციური მიდგომა ენის შემსწავლელს იზიდავს იმით, რომ იგი ორიენტირებულია მათთვის საინტერესო თემებზე. ამას გარდა მას აqvს ტექსტებისა და სხვა სასწავლო მასალის არჩევანის საშუალება პროგრამის ამოცანათა მისაღწევად. უცხოური ენის შემსწავლელ მედიკოს-სტუდენტებში კომუნიკაციური უნარი ვითარდება მათი ჩართვით მნიშვნელოვან, რეალურ, გარკვეული აზრის მქონე და მიღწევად ამოცანათა გადაჭრაში, რომელთა წარმატებით დასრულება მათ მიანიჭებს სიამოვნებას და საკუთარი თავისადმი უნერგავს რწმენას.
არაენობრივი უმაღლესი სასწავლებელთა სტუდენტთათვის უცხოური ენის სწავლებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეცნიერულად დამუშავებული სასწავლო ლექსიკურ-ტერმინოლოგიური ერთეულების მინიმუმის შერჩევას. "ტერმინოლოგიური ერთეულების მინიმუმის გამოყოფას ყოველ სპეციალობაში შეუძლია უზრუნველყოს მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი სწავლების ორგანიზაციაში - ენობრივი მასალის შერჩევაში, რომელიც განსაზღვრავს სწავლების შინაარსს - უცხოური ენის შესწავლას მოცემულ სტადიაზე". ლექსიკურ-ტერმინოლოგიური ერთეულების ცოდნა აუცილებელია როგორც მეცნიერული ინფორმაციის გაცვლისათვის, ისე სპეციალური ლიტერატურის კითხვისას,. სპეციალური აქტიური ლექსიკური ერთეულების მინიმუმის შერჩევის მეთოდი სხვადასხვა დარგისათვის განსხვავებულია. ამჟამად უცხოური ენის ლექსიკური მინიმუმი არსებობს სხვადასხვა დარგში, მაგ., მოცემულია ინგლისურ ენაზე ლექსიკური ტერმინოლოგიის მინიმუმის შერჩევის მეთოდი ბოტანიკაში ცნობარებისა და ტერმინოლოგიური ლექსიკონების დახმარებით. ასეთი სამუშაოს შესრულება მედიცინის დარგში გერმანულ ენაზე განსაკუთრებით სპეციფიკურია.