სოციალური სისტემებისათვის აუცილებელი დამახასიათებელი ატრიბუტია - ინფორმაციული პროცესები - ინფორმაციის გაცვლა სისტემის კომპონენტებს შორის, აგრეთვე, მთლიანად სისტემასა და მის გარემომცველ საზოგადოებრივ გარემოს შორის. საზოგადოებრივი საქმიანობის სხვა სახეებთან შედარებით, პოლიტიკა ყველაზე მეტად საჭიროებს ინფორმაციის გაცვლის სპეციალურ საშუალებებს, სუბიექტებს შორის მუდმივი კავშირის დამყარებასა და შენარჩუნებას. იგი ზეგავლენას ახდენს საზოგადოების თითქმის ყველა ინსტიტუტსა და სფეროზე, არის პოლიტიკური პროცესის რეალიზაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. პოლიტიკური კომუნიკაციისა და ინფორმაციული პროცესების შესწავლის გარეშე წარმოუდგენელია უტყუარი, ჭეშმარიტი ცოდნის მიღება სისტემის (სახელმწიფოს, საზოგადოების...) შესახებ.
პოლიტიკური მოდერნიზაციის პროცესის განმსაზღვრელი ფაქტორების მთლიანი სპექტრის შინაარსისა და ევოლუციის ანალიზი მიუთითებს განსაკუთრებული ყურადღების გამახვილების აუცილებელობას პოლიტიკური კომუნიკაციის ფაქტორებზე. იგი არის პოლიტიკურ სისტემასა და გარემოს შორის, აგრეთვე პოლიტიკური სისტემის ელემენტებს შორის ინფორმაციული კავშირის განმახორციელებელი პროცესებისა და ინსტიტუტების ერთობლიობა.