ვარლამ თოფურია დაიბადა 1901 წლის 8 იანვარს აბაშის რაიონის სოფ. ონტოფოში. დაწყებითი განათლება ძველი სენაკის სოფლის სკოლაში მიიღო. შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, რომელიც 1918 წელს დაამთავრა. ამავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის საენათმეცნიერო დარგზე.
ვ. თოფურია მთელი თავისი ცხოვრება იყო თბილისის უნივერსიტეტის მსახური. სტუდენტობისას “ტფილისის უნივერსიტეტის მოამბეში” მუშაობს კორექტორად, 1923 წლიდან თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში კითხულობდა “ენათმეცნიერების შესავლის კურსს”, 1926 წლიდან კი პროფ. ა. შანიძისა და პროფ. გ. ახვლედიანის შუამდგომლობით ვ. თოფურია მიიწვიეს ლექტორად თბილისის უნივერსიტეტში.
სწორედ თბილისის უნივერსიტეტში გაიშალა ვ. თოფურიას, როგორც მეცნიერისა და პედაგოგის უბადლო ტალანტი. იგი ქართული ენის საუნივერსიტეტო კურსის ერთ-ერთი შემქმნელია.
პროფ. ვ. თოფურიამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული საენათმეცნიერო აზროვნების ისტორიაში. იგი იყო სახელმოხვეჭილი მეცნიერი, ბრწყინვალე ნიჭით დაჯილდოებული მკვლევარი, რომლის მრავალმხრივი სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედიოდა ქართველური ენების, მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის საკვანძო პრობლემები. მან მოგვცა პირველხარისხოვანი ფუნდამენტური გამოკვლევები, რომელთაც ნათელი მოჰფინეს ქართული ენის ისტორიას, ქართველურ ენათა შედარებითი ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსისა და ლექსიკოლოგიის კარდინალურ საკითხებს.